დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთში რუსეთის ჩარევის შესახებ საპარლამენტო ანგარიში არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება

ბრენდონ ლუისი
Reuters

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში რუსეთის ჩარევის შესახებ საპარლამენტო ანგარიშს 12 დეკემბრის არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ქვეყნის უშუშროების მინისტრმა ბრენდონ ლუისმა თქვა.

პარლამენტის დაზვერვისა და უშიშროების კომიტეტის ანგარიშის გამოქვეყნების გადადების მიზეზად მან წინასაარჩევნო პერიოდი დაასახელა, რა დროსაც სამთავრობო განცხადებებზე სპეციალური წესები ვრცელდება.

მთავრობის თქმით ანგარიშის გამოქვეყნება მანამდე რამდენიმე კვირით საკონტროლო გადასინჯვის გამო გადაიდო.

პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ანგარიში მისთვის არასასურველ ინფორმაციას შეიცავს და მისი გამოქვეყნება ამიტომ გაჭიანურდა.

დიდი ბრიტანეთი რუსეთს დასავლეთის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. საპარლამენტო კომიტეტი გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის აქტივობას და 2016 წლის ბრექსითის რეფერენდუმში მათ ჩარევას იკვლევდა. რეფერენდუმში ჯონსონი ბრექსითის წამყვანი ადვოკატი იყო. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.

The Sunday Times-ის მიხედვით ანგარიშში დადგენილია, რომ რუსეთის ჩარევამ ბრექსითის რეფერენდუმზე გავლენა მოახდინა, თუმცა ნათქვამია, რომ ეფექტის ზუსტად შეფასება შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები 12 დეკემბერსაა ჩანიშნული.

ჯონსონმა არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პარლამენტმა მისი ბრექსითის შეთანხმების ნაჩქარევ ვადაში განხილვაზე უარი თქვა და ის იძულებული გახდა ევროკავშირისათვის ბრექსითის გადავადება იანვრის ბოლომდე ეთხოვა.

კომენტარები