საპროტესტო აქცია პარლამენტთან

"ყველა მინუს ერთი"- დღეს პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება

ტაბულა

"ყველა მინუს ერთი, ბიძინა უნდა წავიდეს"- დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტთან მასშტაბური აქცია იგეგმება. აქციის მონაწილეები ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას გააპროტესტებენ. აქცია 15:00 საათზე დაიწყება.

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია დაჯდა საერთო მოლაპარაკების მაგიდასთან და ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდა მატყუარა რეჟიმს. რეჟიმს - ანუ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქართველ ერს თავისუფლებისკენ მიმავალი ყველა გზა მოუჭრას. პროპორციული არჩევნები ქართველი ხალხის ერთობლივი მონაპოვარია, რისთვისაც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ",-წერია აქციის აღწერაში.

მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა, რომელიც ე.წ გერმანული მეთოდით გაიმართება.  

..........

საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც 14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტს ხმა მხოლოდ 101-მა დეპუტატმა მისცა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო.

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნიდან ერთ-ერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

აქციის მონაწილეები გავრილოვის ღამის გამო გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომასაც ითხოვდნენ, თუმცა, ივანიშვილმა ის პრემიერის პოსტზე დააწინაურა.

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს

კომენტარები