აქტივისტი: პოლიციელები ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ფეხებში მოკიდე ხელი და ისე წაიყვანეო

Facebook/ თამარ კაკაბაძე

ქართული ოცნების ოფისთან გამართული აქციის ერთერთი მონაწილე შუშანა მაცაბერიძე ყვება, რომ პოლიციელები ერთმანეთს მოუწოდებდნენ, მისთვის ფეხებში მოეკიდათ ხელი და ისე წაეყვანათ. 

"ასეთი რაღაც მართლა არ გამიგია. სად ვართ, რა ხდება,"- ამბობს მაცაბერიძე. 

ქართული ოცნების ოფისთან მომიტინგეებმა აქცია უმრავლესობის სხდომის პარალელურად გამართეს. ისინი შენობაში შესულ დეპუტატებს "მონის" ძახილით აცილებდნენ და სურდათ, რომ გამოსულებსაც ამგვარი სკანდირებით დახვედრილიყვნენ, თუმცა შენობასთან მობილიზებულმა დიდი რაოდენობით სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. 

პოლიციელები მომიტინგეებს შენობის ირგვლივ გადაადგილებას უზღუდავდნენ. აქტივისტები ყვებიან, რომ პოლიციელები მათზე ფიზიკურად ძალადობდნენ. 

ტაბულას კორესპონდენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქართული ოცნების ოფისთან, მინიმუმ, ორი ადამიანია დაშავებული, რომელთაც სამედიცინო დახმარება ადგილზე მყოფმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გაუწია. 

ერთერთი დაშავებული ტელეკომპანია ფორმულას ოპერატორი თორნიკე თვაურია, რომელსაც ხელი დაუზიანდა. 

ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, სამართალდამცველებმა საპარკინგე და ცენტრალური შესასვლელი გადაკეტეს და მათ შორის, ჟურნალისტებიც ვერ ახერხებდნენ ადგილზე მისვლას. 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე ამბობს, რომ ყველა გადაცდომაზე იქნება რეაგირება. 

კომენტარები