არცევნები 2020

"ოცნება" არჩევნების ე.წ გერმანული მეთოდით ჩატარებას გამორიცხავს

"ქართული ოცნება" არჩევნების ე.წ გერმანული მოდელით ჩატარებას გამორიცხავს. როგორც არჩილ თალაკვაძე და მამუკა მდინარაძე ამბობენ, ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი მეთოდის შემთხვევაშიც, არჩევნების ჩატარება საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს. 

"იურისტები ამბობენ, თითქოს შესაძლებელია 3/4-ის მხარდაჭერის გარეშე იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება. მე მინდა გითხრათ, რომ გერმანულ მოდელსაც, რომელიც საინტერესო მოდელია, სჭირდება კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირება. შესაბამისად, მანაც უნდა გაიაროს ის გზა, რაც არის გაწერილი კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში, უნდა მოხდეს მისი ინიცირება, შემდეგ საჯარო განხილვები და შემდეგ უნდა ჰქონდეს 3/4-ის მხარდაჭერა",-თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. 

"ქართული ოცნების" დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა არჩევნების ე.წ გერმანული მეთოდით ჩატარებაზე ლოგიკასაა მოკლებული. 

"შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, ამჯერად როგორც იურისტმა, მათ მიერ წამოყენებული იურიდიული ლოგიკა ჰგავდა იმ ოთახში კედლებთან შეჯახებას, სადაც ყველაფერი ნათელია და ყველაფერი კარგად ჩანს. გამოდის, რომ ამდენი ხანი შეგვეძლო გერმანული მოდელით ჩაგვეტარებინა არჩევნები და ეს არ გვცოდნია",-თქვა მამუკა მდინარაძემ. 

გერმანულ მოდელი შერეული ტიპის საარჩევნო სისტემად ითვლება, რადგან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამ არჩევნებში მაინც მონაწილეობენ. ამ მოდელის მიხედვით, პარტიები პარლამენტში მხოლოდ იმ რაოდენობით დეპუტატებს შეიყვანენ, რამდენ პროცენტსაც აიღებენ პროპორციული საარჩევნო სისტემით.

რას ნიშნავს არჩევნების გერმანული მოდელი და რაზე შეთანხმდა ოპოზიცია, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები