უმუშევრობის დონე

მაჭავარიანი: უმუშევრობის შემცირების დინამიკა პოზიტიურია და ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, უმუშევრობის შემცირების დინამიკა პოზიტიურია და ის ისტორიულ მინიმუმზეა. ამის შესახებ მან, "ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

"ამაში ჩვენ მართლები ვართ, თუმცა გვაქვს 2001 წლის და 2003 წლის სტატისტიკური მონაცემები, სადაც უმუშევრობა ყველაზე დაბალია. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ სტატისტიკისადმი ნდობა არ არის მაღალი. თუ ეს გვეთვლება ტყუილში, შეგვიძლია ვაღიაროთ. თუ არა, მიგვაჩნია, რომ 2002 წლის შემდგომ, 2003 წლიდან, უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა

ეს მეთოდოლოგია არ არის სრულყოფილი, ამიტომ ამ შემთხვევაში, ჩვენ ვუტარებთ დინამიკას. უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით, კარგა ხანი დაგვჭირდება იმისთვის, რომ მივაღწიოთ უმუშევრობის იმ დონეს, რომელიც ნორმალურ, ჯანსაღ ქვეყანას უნდა ჰქონდეს. თუმცა, შემცირების დინამიკის არაღნიშვნა, მგონია, რომ სწორი არ იქნება და ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ. ჩემს სიტყვაში უმუშევრობის მაჩვენებელი თავმოწონებისთვის არ მითქვამს, გავაკეთე მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია - რომ დინამიკა არის პოზიტიური და ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ", - თქვა ფინანსთა მინისტრმა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცამების მიხედვით უმუშევრობის პროცენტული დონე მართლაც კლებულობს - 2018 წელს ის 12.7% იყო, 2017 წელს 13.9%, 2016 წელს 14%, 2015 წელს 14.1%, 2014 წელს 14.6%, 2013 წელს 16.9%, 2012 წელს კი 17.2%.

თუმცა, ამ მონაცემების პარალელურად, წლების განმავლობაში იკლებს დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი პროცენტულად უმუშევრობის დონის შემცირებისა.

წლების მიხედვით დასაქმებული ადამიანების რაოდენობაა - 2018 წელს 1 694.2 ადამიანი იყო დასაქმებული, 2017 წელს 1706.6 ადამიანი, 2016 წელს 1717.3 ადამიანი, 2015 წელს 1733.8 ადამიანი, 2014 წელს 1694.6 ადამიანი, 2013 წელს 1643.4 ადამიანი, 2012 წელს კი 1659.4 ადამიანი.

კომენტარები