თურქეთ-ისრაელის ურთიერთობა

ღაზიდან ისრაელის მიმართულებით 230 რაკეტა ისროლეს, ისრაელი საჰაერო იერიშით პასუხობს

BBC

უკვე მეორე დღეა, რაც ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტებს ისვრიან, ისრაელი კი საჰაერო იერიშით პასუხობს.

მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების სპეცოპერაციის შემდეგ ღაზას სექტორიდან თელ-აივისა და ისრაელის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ათეულობით რაკეტა ისროლეს. ისრაელმა ღაზას სექტორში ტერორისტული ორგანიზაციის ისლამური ჯიჰადის მმართველი ბაჰი აბუ ალ-ატა მოკლა.

ისრაელში განგაშის სიგნალი დღესაც ისმის. გუშინ დილიდან ამ დრომდე ისრაელის მიმართულებით 230-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. ისრაელის სამხედრო ძალების ინფორმაციით, ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ე.წ. რკინის გუმბათმა რაკეტების 90% გაანადგურა.

ისლამურმა ჯიჰადმა ისრაელზე თავდასხმა დილის 5:45 საათზე განაახლა ქალაქ აშკელონის, სდეროთის და ნეთივოთის მიმართულებით. ისრაელმა ღაზას ქალაქის და დირ ელ ბალაჰის მიმართულებით საპასუხო თავდასხმები განახორციელა. 

ისრაელზე თავდასხმის პასუხისმგებლობას ისლამური ჯიჰადი იღებს. მათი თქმით, ეს მეთაურის ბაჰა აბუ ალ-ატას მოკვლასა და დამასკოში დაჯგუფების ლიდერის აკრამ ალ-აჯურის მკვლელობის მცდელობის პასუხია. 

ისლამური ჯიჰადის ინფორმაციით, ისრაელის იერიშის შედეგად ღაზას სექტორის ტერიტორიაზე 5 პირი დაიღუპა. ისრაელის რამდნიმე ათეული მოქალაქე დაშავდა და მათ საავადმყოფოში მკურნალობენ.

"ჩვენ არ ავიტანთ ჩვენ მოქალაქეებზე თავდასხმას," - პრემიერმინისტრმა ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელს არ სურდა სიტუაციის ესკალაცია, თუმცა ნებისმიერ თავდასხმას უპასუხებდა - "და ვუპასუხებთ ძალიან ხისტად". 

ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში დროებით დახურეს სკოლები და მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ აუცილებელი საჭიროების გარდა საცხოვრებელი სახლი არ დაეტოვებინათ. ქვეყნის ამ ნაწილებში გახსნეს საზოგადოებრივი თავშესაფრები.

გუშინ, ისრაელის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ღაზას სექტორში ისლამური ჯიჰადის კუთვნილი ობიექტები მთელი დღის განმავლობაში იბომბებოდა. დარტყმები განხორციელდა ე.წ. ტერორის ტუნელზეც, რომლის გამოყენებაც მშვიდობიან ებრაელებზე თავდასხმისთვის უნდა გამოეყენებინათ. 

ისრაელის არმიის ცნობით, განადგურებულია ტერორისტთა საწვრთნელი ბანაკები, საბრძოლო მასალის საწყობები, იარაღის საწარმოები. 

აბუ ალ-ატას დაკრძალვაზე ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთმა ლიდერმა ხალედ ალ-ბატშმა განაცხადა, რომ ისრაელის მოქმედებები სხვა არაფერია თუ არა ომის გამოცხადება. ალ-ბატშის თქმით, მათი შურისძიება სიონისტურ სახელმწიფოსთვის შემზარავი იქნება.

ალ ატა ისრაელის სამხრეთ ნაწილის არაერთ თავდასხმაზე იყო პასუხისმგებელი და ახალი თავდასხმის გეგმებსაც აანონსებდა. ისლამური ჯიჰადის მოკავშირეები არიან ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი, ჰეზბოლა და ირანი.

კომენტარები