ლელო

ლელო: გახარიას კადრი ბიზნესომბუდსმენად მიმართულია წინასაარჩევნოდ ბიზნესის კონტროლისთვის

მამუკა ხაზარაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა ლელო ეხმაურება ბიზნესომბუდსმენის თანამდებობიდან ირაკლი ლექვინაძის წასვლასა და მის ადგილას ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის შესაძლო დანიშვნას.

როგორც ინფორმირებულმა წყარომ ტაბულას მიაწოდა ინფორმაცია, ახალი ბიზნესომბუდსმენი შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ დაუშვილი იქნება.

"ბიზნესომბუდსმენად გახარიას კადრის დანიშვნა მიმართულია წინასაარჩევნოდ ბიზნესის მკაცრად გაკონტროლებისკენ," - წერია ლელოს განცხადებაში.

ლელოში ამბობენ, რომ ბიზნესომბუდსმენი აქამდეც არ ყოფილა ავტონომიური აქტორი და ემორჩილებოდა პრემიერმინისტრის ნებას:

"კანონით, ბიზნესომბუდსმენს ერთპიროვნულად არჩევს პრემიერი და ნიშნავს მას თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით. მეტიც, სწორედ პრემიერს ანიჭებს კანონი ერთპიროვნულ უფლებამოსულებას, ნებისმიერ დროს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თანამდებობიდან გაათავისუფლოს ბიზნესომბუდსმენი.

აღნიშნული მოწმობს, რომ ბიზნესომბუდსმენს არ გააჩნია პრემიერისგან დამოუკიდებლობის მინიმალური გარატიებიც კი, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ბიზნესომბუდსმენის როლის განხორციელებას - მიუკერძოებლად და სამართლიანად დაიცვას ბიზნესის ინტერესები სახელმწიფოს შესაძლო უკანონო და თვითნებული მოქმედებებისგან."

ლელო გამოდის ინიციატივით, შეიცვალოს ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის წესი და ის ბიზნეს ასოციაციებისა და სამოქალაქო სექტორის მიერ კანდიდატურის წარდგენის შემდეგ აირჩიოს პარლამენტმა.

გუშინ, 11 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას ტოვებენ ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე.

კომენტარები