გიორგი სულაშვილი: მე ვარ დაზარალებული და ამას დადასტურება არ სჭირდება, ფაქტი სახეზეა

Gogita Ivanishvili/Fb.com

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 20-21 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებულ გიორგი სულაშვილს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიანიჭა. 

სულაშვილი მთავარ არხთან საუბარში ამბობს, რომ ეს ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა. მისი თქმით, გამოძიების მიმდინარეობისას მასაც ჰკითხეს, 20 ივნისს ჯანსაღი თვალი დაკარგა თუ არა. ასევე, ვისთან ერთად და რა მიზნით იმყოფებოდა აქციაზე. 

"სახელმწიფოს, რომელშიც დაიბადე, ცხოვრობ, რაღაცას აკეთებ, შენი ერთი თვალი საერთოდ არაფრად ანაღვლებს და არც გვთვლიან საერთოდ არაფრად. ალბათ იმიტომ, რომ არ ვარ ვიღაც წარმატებული ბიზნესმენის შვილი, ოლიგარქის შვილი ან ვიღაც პარლამენტარის შვილი და ფიქრობენ, რომ შეიძლება ეს პროცესი გაიწელოს და შედეგი ის არ მივიღოთ რაც უნდა მივიღოთ და ხმას არავინ ამოიღებს. მაგრამ მე არ შევჩერდები, მე არ გავჩერდები ამაზე, რადგან მე ვარ დაზარალებული და ამას არც დადასტურება სჭირდება, იმიტომ რომ ფაქტი სახეზეა. ალბათ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ აქციაზე ამოთხრილი თვალებით მივედი. ან იქ წავიქეცი და იმიტომ ჩამემტვრა სახის ძვლები"- ამბობს სულაშვილი. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 20-21 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებულებს, მაკო გომურს, ომარ სეხნიაშვილს და მირზა ლიპარტელიანს, 11 ნოემბერს, მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი. პროკურატურას 4 თვე და 2 კვირაზე მეტი დასჭირდა იმისთვის, რომ გომურისთვის, რომელმაც დარბევისას ცალი თვალი დაკარგა, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინა. 

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 600-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. 

"გავრილოვის ღამეს" დაშავებული სხვა პირების შესახებ პროკურატურაში ამბობენ, რომ საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, მიენიჭებათ თუ არა მათაც დაზარალებულის სტატუსი.

ცნობისთვის, 20 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებულ მაკო გომურს და სხვა პირებს პროკურატურამ და სასამართლომ დაზარალებულის სტატუსზე უარი უთხრეს. სასამართლოს განმარტებით, "აუცილებელია, საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს ზიანი."

აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. კერძოდ, აქციის ძალადობრივად დაშლიდან ოთხი თვის შემდეგ, დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილე.

კომენტარები