თბილისის მერია

N'Uovo - თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ქართველი მოქანდაკის შექმნილი ქანდაკება გაიხსნა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე იტალიაში მცხოვრები ქართველი მოქანდაკის, ვაჟა მიქაბერიძის (პრასტო), მიერ შექმნილი ქანდაკება N'Uovo გაიხსნა. 

თბილისის მერიის ცნობით, ქანდაკება N'Uovo აბსტრაქტული კომპოზიციაა, რომელიც კეთილდღეობას, მომავლის ნაყოფიერებასა და სიახლის სიმბოლოს გამოხატავს. ქანდაკება პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე შადრევანზე განთავსდა. 

მერიის ინფორმაციით, 5-მეტრიანი ქანდაკება მოძრავია და ქარის ზემოქმედების საშუალებით ტრიალებს. 

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, N'Uovo იტალიაში მოქანდაკის სახსრებით დამზადდა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საჩუქრად გადაეცა. მათივე ცნობით, ქანდაკება პრასტომ თავდაპირველად ქალაქ პიეტრასანტას გადასცა და ის მრავალ კერძო კოლექციასა და სხვადასხვა მუზეუმშია განთავსებული. 

მოქანდაკე პრასტო თბილისში 1967 წელს დაიბადა. 1993 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის დასრულებიდან 1 წლის შემდეგ, ის საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და 1995 წლამდე ფლორენციაში, რიაჩის აკადემიაში სწავლობდა. ამჟამად ის ქალაქ პიეტრასანტაში ცხოვრობს და მუშაობს. 

თბილისში, ბამბის რიგში განთავსებული ფარაჯანოვის ბიუსტის შემდეგ N'Uovo პრასტოს მეორე ქანდაკებაა, რომელიც დედაქალაქში დაიდგა.

კომენტარები