ქართული ოცნების პოლიტიკა

გაიზარდა თუ არა საქართველოში რუსული გავლენა - ამერიკელი ჟურნალისტისა და ჩუგოშვილის პოლემიკა

ტომ როგანი / თამარ ჩუგოშვილი

გასული თვის მიწურულს The Washington Examiner-ის ავტორმა, ტომ როგანმა, გამოცემაში საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სათაურით "ტრამპი საქართველოს უნდა ეწვიოს". მასალაში როგანი წერს, რომ საქართველოში რუსული გავლენები იზრდება.

როგანის ამ სტატიას რამდენიმე დღეში საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, ქართული ოცნების დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა, საავტორო სტატიით "რა დახვდება ტრამპს საქართველოში?", რაზეც თავის მხრივ როგანმა კიდევ ერთხელ უპასუხა.

31 ოქტომბრით დათარიღებულ სტატიაში როგანი წერს, რომ ქართველ ოპოზიციონერებთან შეხვედრის შემდეგ ის ერთ ცხად დასკვნამდე მივიდა, რომ ტრამპი საქართველოს უნდა ეწვიოს და მას აქ აუცილებლად კარგად დახვდებიან. ბოლოს და ბოლოს, წერს როგანი, ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველ წელს ის გააკეთა, რაც ბარაკ ობამამ პრეზიდენტობის 8 წლის განმავლობაში ვერ შეძლო. როგანი ამაში საქართველოსთვის "საციცოცხლოდ აუციელებელი" ჯაველინების ტექნიკის მიყიდვის შესაძლებლობას გულისხმობს.

"როდესაც მე გამოცდილ პარლამენტარ გიგა ბოკერიას ვკითხე, რა უნდათ ქართველებს ამერიკისგან, ბოკერიამ ნათლად თქვა: უფრო მეტი სოლიდარობა. მიუხედავად იმისა, რომ ბოკერია და მისი კოლეგები ტრამპის განგრძობადი მხარდაჭერის მადლიერები არიან, ისინი მაინც დგანან ვლადიმერ პუტინის რუსეთის მზარდი საფრთხის წინაშე. მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომის შემდეგ ქართული ტერიტორიების დიდი ნაწილი მიიტაცა, პუტინი ახლა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის შევიწროვებას აძლიერებს,"- წერს როგანი პირველ სტატიაში.

ამერიკელი ავტორის განმარტებით, ეს ნაწილობრივ "რუსეთის მხრიდან საქართველოში ხელახალი შესაძლებლობების გაჩენის განცდაა".

"კულისებს მიღმა მყოფი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ ორკესტრირებული საქართველოს მთავრობა უფრო და უფრო მეტად ხუჭავს თვალს რუსულ აგრესიაზე. ამრიგად პუტინს სჯერა, რომ ის საქართველოს ამ მთავრობისგან უფრო მეტს მიიღებს, თუკი მასზე ზეწოლას გაზრდის,"- წერს როგანი სტატიაში.

ჩუგოშვილი ამერიკელ ავტორს 6 ნოემბერს გამოეხმაურა და დაწერა, რომ როგანი მართალია, როცა წერს, რომ პრეზიდენტი ტრამპი საქართველოს უნდა ეწვიოს და მას აქ აუცილებლად თბილად დახვდებიან.

"თუმცა, ამასთან ტრამპს იქ არ დახვდება "რუსეთისთვის ახალი შესაძლებლობების განცდა", რასაც როგანი ამტკიცებს," - წერს ჩუგოშვილი პასუხში.

როგორც ვიცესპიკერი წერს, ამგვარი მტკიცება, უბრალოდ, არ ასწორია და ის ძირს უთხრის იმ "შესანიშნავ მიღწევებს", რაც საქართველოს ბოლო წლებში ჰქონდა.

"როგანის არგუმენტები ეფუძნება მის საუბარს ოპოზიციურ პოლიტიკოსთან, რომლის მაშინდელმა პარტიამ 2012 წელს სეისმური არჩევნები წააგო და სამთავრობო ოფისი დატოვა, რაც მისი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და თავისუფლებისა და დემოკრატიის ეროზიაზე ამომრჩევლის პასუხი იყო. იმავე ოპოზიციას ამომრჩეველმა ასევე 2016 წელსაც უთხრა უარი,"- წერს ჩუგოშვილი როგანისთვის საპასუხოდ დაწერილ სტატიაში.

ჩუგოშვილი წერს, რომ რაც როგანს გამორჩა და რაც ტრამპს საქართველოში დახვდება, ეს ძლიერი, რეფორმისტულად განწყობილი და მზარდი საქართველოა.

"ის შეხვდებოდა მტკიცე ჯარისკაცებს, რომლებიც მხარდამხარ იბრძოდნენ ამერიკასთან ერთად ერაყსა და ავღანეთში. ის გაიზიარებდა აღტაცებას საქართველოს აყვავებადი საინვესტიციო კლიმატით, მისი ძალიან მაღალი შედეგებით ყველა გლობალურ ინდექსში, რომელიც ბიზნეს მეგობრულობას და დემოკრატიულ ღიაობას,"- წერს ჩუგოშვილი.

ვიცესპიკერის თქმით, იმ ფონზე, რომ ხელისუფლებამ მთელი მსოფლიოს ირგვლივ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გააფორმა, NATO-ს წევრობის კანდიდატია და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს, ოპოზიციის არგუმენტი, რომ რუსეთი საქართველოში როგორღაც ფეხს იკიდებს, ლოგიკასა და ფაქტობრივ საფუძველსაა მოკლებული.

"რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, მისი დიდი ნაწილი 2008 წელს მიიტაცა, როდესაც ხელისუფლებაში დღევანდელი ოპოზიცია იყო,"- წერს ჩუგოშვილი.

ვიცესპიკერის პასუხს 8 ნოემბერს ტომ როგანი საქართველოს შესახებ მეორე სტატიით გამოეხმაურა, სათაურით "საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით ნამდვილად სუსტია".

პასუხის პასუხში როგანი წერს, რომ ის რჩება საკუთარ მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართულებით მოისუსტებს.

"როდესაც მე დავუკავშირდი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიგა ბოკერიას, რათა მისთვის ჩუგოშვილის არგუმენტები მიმეწოდებინა, მან კარგი დაკვირვება შემომთავაზა. კერძოდ, თუკი ხელისუფლება მართლაც არ არის ვლადიმერ პუტინისადმი დადებითად განწყობილი ადამიანებით დაკომპლექტებული, მაშინ რატომ მიიწვიეს პროპუტინული კომუნისტი რუსი დეპუტატი საქართველოში და რატომ მისცეს მას უფლება დამჯდარიყო პარლამენტის სპიკერის სავარძელზე?" - წერს ამერიკელი ავტორი.

როგანის თქმით, როდესაც ჩუგოშვილი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას უსვამს ხაზს, იგი იმ მასობრივ პროტესტებს უარყოფს, რაც საქართველოში კომუნისტი რუსი დეპუტატის ვიზიტს მოჰყვა.

როგორც როგანი წერს, ბოკერიამ მასთან საუბრისას დამატებითი მაგალითები მოიყვანა იმის შესახებ, თუ როგორ არის საქართველოს ხელისუფლება პუტინური კრონიზმისკენ მიდრეკილი.

"ის საუბრობს გადასახადების გაზრდასა და ბიუროკრატიის გაფართოებაზე, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებაზე. ეს პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს პრეზიდენტი ტრამპი, პუტინს არ მოსწონს იმის გამო, რომ მას ეშინია ამ პროექტის შედეგად საქართველოში ამერიკის გავლენის გაზრდისა. ეს პროექტი საქართველოს გაამდიდრებს, მაგრამ ჩუგოშვილსა და კომპანიას კრემლში მათი უფროსისთვის მოლაქუცება ურჩევნიათ,"- წერს როგანი.

ამერიკელი ავტორის თქმით, ხრწნა აქ არ მთავრდება და მას "ამერიკის ხმის" ჟურნალისტის, ანი ჩხიკვაძის, დოკუმენტურ აღწერაზე საუბრობს იმის შესახებ, როგორ აგდებდა საფრთხეში ადამიანის უფლებებს, როგორ აძლიერებდა ქსენოფობიას და როგორ გამოხატავდა პუტინისადმი დიდი თუ მცირე მასშტაბებით მონურ მორჩილებას ქართული ოცნება.

"ეს ყველაფერი უნდა ადარდებდეს შეერთებულ შტატებსა და Chartwell Strategy-ის, რომელიც საქართველოს მთავრობის ფულს იღებს იმისათვის, რომ ქართული ოცნების ნარატივი ვაშინგტონში გაავრცელონ, მაგრამ არამგონია Chartwell-ს დიდად ადარდებს ეს - კომპანიამ $445 000 გამოიმუშავა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლობისთვის მარტიდან აგვისტომდე შუალედში,"- წერს როგანი.

კომენტარები