თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტზე

თავდამსხმელი, რომელიც ტაბულას ჟურნალისტმა ამოიცნო, არც დაკავებულია და არც ბრალდებული

On.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუშინ, 9 ნოემბერს ტაბულას ჟურნალისტზე ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირია "მხილებული" თუმცა, ამ დრომდე ის არც ბრალდებულია და არც დაკავებული.

უწყებაში ამბობენ, რომ "გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები."

შსს გამოძიებას კვლავ "ნივთის დაზიანების" მუხლით აწარმოებს. 

ჟურნალისტმა ცისია კირვალიძემ სამმართველოში მოძალადე ამოიცნო. უწყებაში არ ამბობენ, როდის წარედგინება ბრალი ამოცნობილს ან დააკავებენ თუ არა.

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები ტაბულას ჟურნალისტს, ცისია კირვალიძეს, აქციის გაშუქებისას თავს დაესხნენ, ფიზიკურად შეეხნენ და ხელიდან მობილური გააგდებინეს. ჟურნალისტი ძალადობრივ აქციას აშუქებდა.

აქციის რამდენიმე მონაწილეს LIVE-ში ყოფნისას ჟურნალისტის კომენტარები არ მოეწონა, რასაც ერთერთი მათგანის მხრიდან, კირვალიძეზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. პოლიცია ადგილზე არ იმყოფებოდა.

ძალადობრივი აქციის მონაწილის მხრიდან, ტაბულას ჟურნალისტზე ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ითვალისწინებს. 

ტაბულას კითხვას, რატომ არ დაიწყო გამოძიება ძალადობის, შეურაცხყოფისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლებით, შსს-ში უპასუხეს, რომ "ამით დაიწყო და შემდეგ რაც გამოიკვეთება". 

ტაბულა მოითხოვს საგამოძიებო უწყებამ გადააკვალიფიციროს მის ჟურნალისტ, ცისია კირვალიძეზე თავდასხმის გამოძიება.

"გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხივისი ნივთის განზრახ დაზიანებას. აღნიშნულზე საგამოძიებო ორგანომ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ იმ ლაივიდან და იმ ფოტომასალიდან, რაც მათ ხელთ იყო, სწორედ ტაბულას ჟურნალისტის მობილური ტელეფონის დაზიანება ჩანდა. სწორედ ამიტომ მიეცა ეს კვალიფიკაცია გამოძიებას, თუმცა, როდესაც გამოძიების მიმდინარეობისას შეიკრიბება სხვადასხვა მტკიცებულებები, შემდგომ უკვე შესაძლებელია გადაკვალიფიცირება და ჩვენი რეკომენდაციაც ეს არის.

საქმეს უნდა მიეცეს მსვლელობა სსკ-ის 126-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს ძალადობას - რადგან ტაბულას ჟურნალისტს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, უნდა იყოს 154-ე მუხლი, რაც გულისხმობს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლას. შესაბამისად, გამოძიებამ უნდა გადააკვალიფციროს აღნიშნული მუხლები და სწორედ ამ ორი მუხლით უნდა წარიმართოს გამოძიება. საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, პროკურორი არის უფლებამოსილი მოახდინოს დაზუსტება, მუხლების გადაკვალიფცირების კუთხით", - ამბობს ტაბულას იურისტი, დიტო ხვიჩია.

კომენტარები