20-21 ივნისის აქცია

პროკურატურა გომურზე: 20-21 აქციის მონაწილეებს სტანდარტული კითხვები დავუსვით

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით გამოძიებამ 20-21 ივნისის აქციის მონაწილეებს სტანდარტული კითხვები დაუსვა, რომელიც კანონის მიხედვით არის განსაზღვრული. 

პროკურატურა გუშინ მაკო გომურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც გომური წერს, რომ მას დაურეკეს და ჰკითხეს დაკარგა თუ არა აქციის დარბევისას ჯანსაღი თვალი.

"სამედიცინო ექსპერტიზისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ხორციელდება სხვადასხვა, სტანდარტული პროცედურები. აქციის მონაწილეთა დაზარალებულად ცნობისთვის მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამედიცინო ექსპერტიზის მიერ ცალკეული პირების მიმართ მოთხოვნილი მონაცემების მოსაპოვებლად გამოძიებამ, აქციის მონაწილებს დაუსვა სტანდარტული კითხვები, რასაც მოიცავს კანონის მიხედვით განსაზღვრული პროცედურა," - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

20 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებულ მაკო გომურს და სხვა პირებს პროკურატურამ და სასამართლომ დაზარალებულის სტატუსზე უარი უთხრეს. სასამართლოს განმარტებით, "აუცილებელია, საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს ზიანი."

აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. კერძოდ, აქციის ძალადობრივად დაშლიდან ოთხი თვის შემდეგ, დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილე, რომელთა შორის მაკო გომური არ არის. მან 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა.

კომენტარები