მიხეილ ბატიაშვილის გადადგომა

ბატიაშვილი: გადადგომის მიზეზი არის პირადი, იმედია, არ მოჰყვება პოლიტიკური სპეკულაციები

განათლების სამინისტრო

ყოფილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, პოსტის პირადი მიზეზით დატოვა. ყოფილი მინისტრი იმედოვნებს, რომ მის გადაწყვეტილებას "პოლიტიკური სპეკულაციები" არ მოჰყვება. 

„ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან და ძალიან ვაფასებ მის მხარდაჭერას როგორც ზოგადად, განათლების სისტემის მიმართ, ასევე, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასევე, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მას იმისათვის, რომ პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში“,-თქვა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ. 

კითხვაზე, თუ სად გეგმავს საქმიანობის გაგრძელებას, ყოფილი მინისტრი პასუხობს, რომ "საკუთარ ენერგიას სისტემას გარედან, დიდ და ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით მოახმარს". 

"ჩემი როლი და ძალისხმევა სრულად იქნება მიმართული კონკრეტული, მნიშვნელოვანი და დიდი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისკენ კონკრეტული შედეგების მისაღწევად და განათლების ერთიანი რეფორმის გასაძლიერებლად",-თქვა ბატიაშვილმა.

7 ნოემბერს მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, თქვა, რომ პირადი თხოვნის საფუძველზე, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა. 

ბატიაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე ექსპრემიერმა მამუკა ბახტაძემ 12 ივლისს წარადგინა. მან ამ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი ჩაანაცვლა. ბატიაშვილთან ერთად მაშინ ბახტაძემ ფინანსთა მინისტრის პოსტზე ივანე მაჭავარიანი, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია წარადგინა.

მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობის პერიოდს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის, ია კერზაიას, გარდაცვალება უკავშირდება. კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არცევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. 

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებს. 

კომენტარები