სექსუალური შევიწროება ეკლესიაში

მამა გიორგი სხილაძე: მაშინ მეუფე სპირიდონმა დაგვაჩქარა, დროზე ამხილეთ ზოსიმეო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სემინარიისა და აკადემიის ყოფილი სტუდენტი, მღვდელი გიორგი სხილაძე, რომელმაც წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმე სასულიერო აკადემიის სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, ამბობს რომ პროცესებში სხალთის ამჟამინდელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონიც იყო ჩართული და მაშინდელი მოვლენები სწორედ მეუფემ დააჩქარა.  

"სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი, რომელიც მაშინ საერო სახელით, გოჩა აბულაძეთი იყო. ეს პიროვნება კახა კალაძესთან საუბრის შემდეგ ისე აღშფოთდა, დაიჯერა მან შინაგანად, რომ კალაძე არ ტყუოდა ..... ჩვენ ასე ვთქვათ ფეხს ვითრევდით, გვინდოდა მტკიცებულება და სწორედაც ამ გოჩა აბულაძემ, ახლანდელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა დაგვაჩქარა ამ საქმეში. გვითხრა რომ თქვენ რას აკეთებთ, დროზე უნდა ამხილოთ, ხელზე ეამბორებით, მე გამოვალ მიტინგზე და ვიტყვი რომ თქვენ ხელზე კოცნით, როგორი ტერმინიც გამოიყენა, არ გავიმეორებ. ჩვენ მაშინ დაგვაყვედრა ხელზე ნუ კოცნით და დროზე ამხილეთო, რამაც დააჩქარა რექტორის კაბინეტში ჩვენი შესვლა და დღეს თითონ ეამბორება ხელზე. შეგიძლიათ მას დაუკავშირდეთ, მან დაწვრილებით იცის ეს ისტორია და ახლა მას თუ სინდისი აქვს დაადასტუროს დღეს. "- ამბობს სხილაძე ტვ.პირველთან საუბარში. 

მისივე თქმით, მეუფე სპირიდონი(გოჩა აბულაძე), ყოფილი სტუდენტის წერილის ორიგინალს მაშინ თან დაატარებდა. სხილაძე ამბობს, რომ წერილის ასლები პირველად ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი ჭანტურიამ გაავრცელა. 

..........

5 ნოემბერს ტაბულამ მოიპოვა წერილი, რომელიც ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით, სემინარიის სტუდენტმა კახა კალაძემ 1988 წელს დაწერა. ის სემინარიის მაშინდელ რექტორს (ეპისკოპოსს) და წილკნისა და დუშეთის ამჟამინდელ მიტროპოლიტს, ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში სდებდა ბრალს. წერილი გაეგზავნა მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს. წერილში სტუდენტი დეტალურად ჰყვება მიტროპოლიტის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას. 

5 ნოემბერსვე, მღვდელმა გიორგი სხილაძემ, გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა. მამა გიორგიმ მთავარ არხთან საუბარში თქვა, რომ ინფორმაცია კახა კალაძესთან შეთანხმებით გაასაჯაროვა. მღვდლის აზრით, საჯაროდ საუბარზე უარს არც მისი მეგობარი იტყოდა.

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტის სექსუალურ შევიწროებას უარყოფს. მეუფე ზოსიმეს თქმით, სტუდენტები მისი სემინარიიდან წასვლას იმის გამო ითხოვდნენ, რომ მათგან სულიერებას და შინაგანაწესის დაცვას ითხოვდა. მთავარეპისკოპოსის მტკიცებით, სტუდენტები ეროვნული მოძრაობის აქციების გამო ლექციებს აცდენდნენ, რასაც გიორგი სხილაძე უარყოფს.

კომენტარები