საპატრიარქო

მეუფე პეტრეს თქმით, ილია II-ის "მამათმავლური ლტოლვის" მსხვერპლებს დუმილისთვის ფულს აძლევდნენ

ghn.ge

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, რომელმაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-s "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილს" უწოდებს, ამბობს, რომ პატრიარქი სექსუალურ კავშირს ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანების მიმართ მათი ნების საწინააღმდეგოდ ახორციელდება.

ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში მიტროპოლიტი განმარტავს, რომ ეკლესიის წევრში ყველა მორწმუნე ადამიანს გულისხმობს. 

"შოკირებულები და ფსიქოლოგიურად დაზიანებული ადამიანები [არიან]. იყო უამრავი ფაქტი, როდესაც დუმილის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ, ან ჩუქნიდნენ $1 000-დან $2 000-მდე," - ამბობს მეუფე პეტრე. 

მიტროპოლიტის თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასეთი ადამიანები "რეაბილიტაციის შემდეგ" საპატრიარქოში მივიდნენ და ფული "უკან მიუყარეს". 

"არ არის ეს ძველი ისტორია. ყოველ შემთხვევაში, სჯულის კანონს არ აქვს ხანდაზმულობა,"- ამბობს მეუფე პეტრე. 

ტვ პირველის შეკითხვაზე, ვინ ეხმარებოდა პატრიარქს ამ ყველაფრის დამალვაში, მიტროპოლიტი პეტრე პასუხობს:

"მთელი ინსტიტუტი საპატრიარქოსი, ჩათვალეთ, მთელი გარემოცვა".

31 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც სინოდის დასრულების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში პატრიარქი "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილად" მოიხსენია, მიტროპოლიტმა პეტრემ განმარტა, რომ ტერმინ "პედერასტიაში" ის "ახალგაზრდა ბიჭების გარყვნას" გულისხმობს და მისივე თქმით, ის ითხოვდა, სხდომა მომდევნო დღესაც გაგრძელებულიყო, სადაც ორ მოწმეს წარადგენდა, რომელიც მის ნათქვამს დაადასტურებდნენ. 

ჭყონდიდის ეპარქიაში ის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ ჩაანაცვლა, მეუფე პეტრეს კი ჭყონდიდის ეპარქიის დატოვება და მოსანანიებლად შიომღვიმეს მონასტერში წასვლა უბრძანეს, რასაც მიტროპოლიტი არ დაეთანხმა. იგი ითხოვდა, რომ ამ მონასტრის ნაცვლად ის ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალ ამბროსი ხელაიას სახელობის ინჩხურის მონასტერში წასულიყო, რაც საპატრიარქომ არ დააკმაყოფილა. 

მიტროპოლიტი ამბობს, რომ პატრიარქის ამ ბრძანებას არ დაემორჩილება, თუმცა ჭყონდიდის ეპარქიას დატოვებს. მას შემდეგ, რაც პატრიარქმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ინჩხურის მონასტრის წინამძღოლმა, მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ მონასტერი დატოვა. 

კომენტარები