ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, რამდენიმე წუთით ევაკუაცია გამოცხადდა

ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში, სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს, ევაკუაცია გამოცხადდა.

ქართველი მაღალჩინოსნები, ასევე, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგატები სასტუმროში უკვე იკრიბებოდნენ, როცა განგაშის სიგნალი ჩაირთო.

სასტუმროს ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მიზეზი სავარაუდოდ სამზარეულოდან გამოსული კვამლი გახდა და პრობლემა უკვე აღმოფხვრილია.

"მინდა ბოდიში მოვუხადო სტუმრებს, ჩვენ გვქონდა საგანგაშო სიგნალი, მაგრამ ახლა ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. უსაფრთხოებაზე ვართ ორიენტირებულები, რომ ყველაფერი იყოს კარგად. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, არანაირი პრობლემა არ არის, მიმდინარეობს სისტემის მონიტორინგი" - ამბობს ჰილტონის გენერალური მენეჯერი, ჟან კოლ დენი.

ამ დროისთვის, კონფერენცია უკვე დაწყებულია და სტუმრები დარბაზში იმყოფებიან.

ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენცია 6-7 ნოემბერს იმართება. ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. კონფერენციაზე ელოდებიან საქართველოს პრემიერმინისტრსა და სხვა თანამდებობის პირებდაც, თუმცა გიორგი გახარია ჯერ არ გამოცხადებულა. კონფერენციაზე იმყოფებიან კონგრესმენები, ნატო-ს წარმომადგენლები, ასევე, დელეგატები ევროპარლამენტიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და ა.შ.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მასპინძლობს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, რომლებიც სესიებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს საქართველოს, შავი ზღვის რეგიონის, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს უზიარებენ.

კომენტარები