სოფო კილაძე

კილაძის ქმარი ძალადობას უარყოფს - "სამართლებრივ გზებს გამოვიყენებ სიმართლის დასამტკიცებლად"

პარლამენტი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ყოფილი ქმარი დეპუტატზე ძალადობას უარყოფს, - "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია", - ამბობს ავთანდილ ხარაძე ინტერპრესნიუსთან საუბარში.

გთავაზობთ IPN-ის ექსკლუზიურ ინტერვიუს უცვლელად:

"6 წელია, სოფო კილაძესთან ვიმყოფები საეკლესიო და სამოქალაქო ქორწინებაში. 2 თვის წინ ვთხოვე გაყრის პროცედურის დაწყება. ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ერთად არ ვცხოვრობთ, სოფო მანიპულირებს ბავშვით, არ მაჩვენებს ბავშვს, მეუბნება, რომ გაჩვენებო, მაგრამ რეალურად, ბავშვთან კომუნიკაციის საშუალებას არ მაძლევს. ორ თვეში შვილი სულ თითებზე ჩამოსათვლელად, ხუთჯერ ვნახე. ვნახულობ მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი გამომყავს ბაღიდან, როდესაც პატარა დაღლილია, დღის ბოლოა. გვიანი შემოდგომაა, ადრე ღამდება, ფიზიკურად ბავშვის წაყვანის საშუალება არ მაქვს არსად, გარდა გასართობის ცენტრისა, სკვერისა და ა.შ. სოფო არ მაჩვენებს ჩემს შვილს და ჩემი აზრით, ის არღვევს როგორც ჩემს, ისე ბავშვის უფლებებს. მით უმეტეს, ამას თან ერთვის, რომ ჩვენ ხელი გაწერილი არ გვაქვს და არანაირი სამართლებრივი უფლება არ აქვს, ერთი სრული დღე არ მანახოს ჩემი შვილი. მან იმისთვის, რომ არ მენახა ჩემი შვილი, გამოწერა შემაკავებელი ორდერი, რათა არ მივსულიყავი ჩვენ სახლში. ასევე, პოლიციამ განმიმარტა, რომ არ უნდა დავკავშირებოდი არც ერთი კონუმიკაციის საშუალებით, არ უნდა მენახა პირადად და არ უნდა მივსულიყავი სახლში 30 დღის განმავლობაში, რასაც პირნათლად ვასრულებ. ვარ კანონმორჩილი მოქალაქე.

2 ნოემბერს მე ვთხოვე ბავშვის წაყვანა ქუთაისში, ჩემ მშობლებთან. აქვე ვიტყვი, რომ დაბადებიდან 4 წლის განმავლობაში ჩვენ შვილს დედაჩემი ზრდიდა, მაშინ, როდესაც სოფოს არ ეცალა და კარიერის აწყობით იყო დაკავებული. 4 წლის რომ გახდა ბავშვი, ჩემი დაჟინებული თხოვნით წამოვიყვანეთ ჩვენთან თბილისში. იმაზე, რომ ბავშვი გამზრდელ ბებიას ენახა, სოფომ კატეგორიული უარი განაცხადა. ამიტომაც მივედი იმავე პოლიციაში, სადაც შემაკავებელი ორდერი გამომიწერე, დავწერე განცხადება რომ 24 საათით მიმყავდა შვილი ქუთაისში და 24 საათის შემდეგ ჩამოვიყვანდი უკან - ასეც მოვიქეცი. შაბათს წავიყვანე, კვირას დავაბრუნე და დღეს კი ტელეეთერებით ეს განცხადებები გაკეთდა სოფოს მხრიდან, რაც ყველამ მოისმინა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ბავშვზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა, ბავშვი არის შეშინებული. ჩემთან ერთად როცა არის, 5 წლის ბავშვი, რომელმაც საათის ცნობა არ იცის, მეუბნება, რომ ერთი საათი უკვე გავიდა და სახლში უნდა დავბრუნდე, იმიტომ, რომ დედა გაბრაზდება და გაღიზიანდება. ახლა ქუთაისში როცა მყავდა წაყვანილი, როცა ვბრუნდებოდით, შებინდდა, გვაგვიანდებოდა და ბავშვმა დაიწყო ტირილი, დედა არ გაგვიღებს კარს იმიტომ, რომ გვაგვიანდება უკვეო, დედა წაგვეჩხუბებაო - ამის ვიდეო მტკიცებულებაც მაქვს. მას ასწავლიან ტყუილებს, რომ თქვას ისეთი რაღაცეები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს სოფოს თეორიულად.

ახლა ამ ინტერვიუს მოცემაც ჩემთვის ჯოჯოხეთის გავლაა, მე არ ვარ ამ პროცესებს შეჩვეული, მაგრამ ჩემ შვილს ვერ დავთმობ. რომელ ფიზიკურ ძალადობაზეა საუბარი - 6 წლის მანძილზე მაქსიმალურად გვერდში ვედექი. ძალიან ადვილია, ვიღაცას რაღაც დააბრალო და შემდეგ იმან იმართლოს თავი. მარტივია მხოლოდ რაღაცეების დაბრალება და იმის თქმა, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ვარო. მან შელახა ჩემი რეპუტაცია, ფეხქვეშგათელა და მთელი ქვეყნის სალაპარაკო გამხადა. ჯერ საზოგადოება იმაში ვერ გაერკვა ფსიოქოლოგიურ ძალადობაზეა საუბარი თუ ფიზიკურზე. ძალადობა იმდენად სენსიტიური თემაა, როდესაც ესმით ეს სიტყვა, სხვას არაფერს აქვს შემდეგ მნიშვნელობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ჩემი შვილი ჩემთვის ყველაფერია, მას არა და ვერ დავთმობ. მით უმეტეს, როდესაც არც ერთი მიზეზი და საფუძველი არ არსებობს იმის, რომ ჩემს შვილთან თვეში 24 საათი მაინც არ გავატარო. აუცილებლად, ყველანაირ სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად", - ამბობს კილაძის ყოფილი ქმარი.

........................................................................................................................................

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ რუსთავი 2-ს დაუდასტურა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, რის გამოც დაახლოებით 2 კვირის წინ დეპუტატმა პოლიციას მიმართა.

კილაძის განცხადების საფუძველზე სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლემ შემაკავებელი ორდერი გამოწერა. 

კილაძემ რუსთავი 2-თან თქვა, რომ ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ ცნობას არ ადასტურებს. 

"დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ მაგალითი, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში.

ამასთანავე, მე ვუფრთხილდები გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრთელობას, ჩემ არასრულწლოვან შვილს, მის საუკეთესო ინტერესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.

ფიზიკურ ძალადობას არ ვადასტურებ, არ ვიცი საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, თუ აქვთ ნანახი შემაკავებელი ორდერი, იქ იყო მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობა", - უთხრა კურიერს სოფიო კილაძემ. 

კილაძის ყოფილი ქმარი 1988 წელს დაბადებული ავთანდილ ხარაძეა.

კომენტარები