ირანი

ირანი ბირთვული შეთანხმების პირობების დატოვებას აგრძელებს

ჰასან როუჰანი
Reuters

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ გამოაცხადა, რომ თეირანი ბირთვული შეთანხმების პირობებიდან გამოსვლას აგრძელებს და 6 ნოემბერს ფორდოს ბირთვულ ლაბორატორიაში 1,044 ცენტრიფუგაში ურანის გაზის შეყვანას დაიწყებს.

2015 წლის შეთანხმების მიხედვით ამ დრომდე ცენტრიფუგებში გაზი არ შეჰყავდათ.

როუჰანის არ დაუკონკრეტებია გამოიყენებენ თუ არა მას ურანის გასამდიდრებლად.

მანამდე ირანის ბირთვული პროგრამის დირექტორმა თქვა, რომ IR-6 ცენტრიფუგების რაოდენობა გააორმაგეს. ამ ტიპის ცენტრიფუგებს ურანის ათჯერ სწრაფად გამდიდრება შეუძლია, ვიდრე IR-1 ტიპის ცენტრიფუგებს. ირანელი მეცნიერები ასევე მუშაობენ IR-9 ტიპის ცენტრიფუგებზე, რომლებიც, მათი თქმით 50-ჯერ სწრაფად იმუშავებს.

ევროკავშირმა ირანს ბირთვული შეთანხმების პირობებში დაბრუნებისაკენ მოუწოდა და შეთანხმების დატოვებით დაიმუქრა. როუჰანიმ კი თქვა, რომ გადაწყვეტილებას გააუქმებენ, თუ ევროკავშირი მათ აშშ-ის სანქციების არიდების გზებს შესთავაზებს.

"ჩვენ გვესმის ფორდოს საკითხის სენსიტიურობა ცენტიფუგებთან დაკავშირებით. ამავდროულად, როდესაც ისინი შესარულებენ პირობებს, ჩვენც შევასრულებთ და გაზის მიწოდებას შევწყვეტთ, ამ ნაბიჯის შებრუნება შესაძლებელია. ჩვენ ცალმხრივად ვერ მივიღებთ და დავიცავთ პირობებს ისე, რომ მათ საკუთარი პირობები არ შეასრულონ." თქვა როუჰანიმ.

ამჟამად ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებს. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო, თუმცა 4.5%-მდე გამდიდრება ირანს საშუალებას აძლევს ბუშეჰირის ბირთვული რეაქტორი ამუშავოს.

მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ თქვა, რომ ირანი შეთანხმებას ნაწილობრივ დატოვებდა, დაიტოვებდა გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდდა.

აშშ-მა ირანის უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან დაახლოებულ 9 პირს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის ხამენეის ერთ-ერთი შვილი, სასამართლოს მეთაური და შტაბის უფროსი. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ შავ სიაში შეჰყავთ ირანის შეიარაღებული ძალების პერსონალიც.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ირანს სანქციები ხელახლა მას შემდეგ დუწესა, რაც დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა. მან ირანი შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.

ტრამპმამა დამატებითი სანქციების დაწესების ბრძანება მიმდინარე წელს მას შემდეგაც გასცა, რაც საუდის არაბეთში ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტზე თავდასხმა მოხდა. აშშ და საუდის არაბეთი თავდასხმაში ირანს ადანაშაულებენ. ირანი ბრალდებებს უარყოფს.

აშშ-მა ირანი ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის გარდა მიმდინარე წელს სპარსეთის ყურეში რამდენიმე ნავთობტანკერზე მომხდარ აფეთქებებშიც დაადანაშაულა, რასაც ირანი ასევე უარყოფს.

კომენტარები