გრიპის აცრა

ჯანდაცვის სამინისტრომ 100 000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა იყიდა - ვის შეუძლია უფასოდ აცრა

2019–2020 წლის სეზონისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 100 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა (VAXIGRIP გრიპის ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა; მწარმოებელი - SANOFI PASTEUR SA, საფრანგეთი) შეიძინა და ვაქცინაციისთვის რისკის პრიორიტეტული ჯგუფები განსაზღვრა.

რისკჯგუფები, რომლებიც გრიპზე უფასოდ აიცრებიან:

  • დიაბეტის მქონე პირები;
  • დიალიზზე მყოფი პირები;
  • C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
  • ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
  • ორსულები
  • ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ( ა) ექიმები; ბ) ექიმი-რეზიდენტები; გ) ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები); დ) საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები; ე) ბებიაქალები; ვ) სტომატოლოგები; ზ) სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები; თ) სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან; ი) სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან);
  • ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი (ფრინველებთან მომუშავე პერსონალი; მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები; მონადირეები; ვეტერინარები; ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები);
  • სხვა პროფესიული საქმიანობის ჯგუფი - საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგები, აღმზრდელები, სხვა პერსონალი (სავალდებულოა მხოლოდ ადრეული  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების თანამშრომლებისთვის).

"ზემოთ აღნიშნული კონტინგენტის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა  აცრები  განხორციელდება ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. გრიპის საწინააღმდეგო  ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით, ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში" - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და აღნიშნავს, რომ ვაქცინის ეფექტურობა დამოკიდებულია რეციპიენტის ასაკსა და იმუნოკომპეტენტურობაზე, ასევე ვაქცინაში არსებული და ცირკულირებადი შტამების თანხვედრაზე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნებისთვის (მათ შორისაა საქართველო), გრიპის სეზონად მიჩნეულია მიმდინარე წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირის ჩათვლით პერიოდი.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ სეზონზე ჯანდაცვის სამინისტრომ ყველაზე მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა (100 000 დოზა) შემოიტანა. 2018-2019 წლის სეზონზე ეს რაოდენობა 48 935 იყო, 2017-2018 წელს - 27 000 დოზა, ხოლო წინა წლებში - უფრო ნაკლები.

კომენტარები