And Then We Danced

მოხდება კინოთეატრების ბლოკირება - ქართული მარში And then we danced-ის ჩვენების ჩაშლით იმუქრება

ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებს. 

ბრეგაძემ მეტიაცენტრ მთავარში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ 8 ნოემბერს, როდესაც ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი, მარშის წევრები კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირებას "მშვიდობიანი ფორმით მოახდენენ".

"ჩვენ კატეგორიულად არ დავუშვებთ მამათმავლური პროპაგანდის პორნო ფილმის პრეზენტაციას საქართველოს დედაქალაქში. მთელს საქართველოში. 8 ნოემბერს, ჩვენ ჩავშლით ამ ჩვენებას. რადგან ეს არის ჩვენი მოვალეობა და მე ვფიქრობ ესაა თითოეული ქართველის მოვალეობა, ესაა ჩვენი მუსლიმი ძმების და სხვა რელიგიური აღმსარებლების მოვალეობაა, რომ არ დაუშვან ამ სიბილწის და გარყვნილების ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში. მოხდება კინოთეატრების ბლოკირება. ეს იქნება მშვიდობიანი ფორმა და ამ მშვიდობიანი ფორმით არ დავუშვებთ შევიდნენ კინოთეატრში"- ამბობს ბრეგაძე.  

მან საქართველოს საპატრიარქოს მიმართა და ამ ფილმთან დაკავშირებით მკაფიო აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. 

"მოუწოდოს მრევლს გამოვიდეს ქუჩაში და ჩაშალოს გეი პროპაგანდისტული ფილმის ჩვენება. ეს არის ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის მოვალეობა."- თქვა ბრეგაძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. 

ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. 

....................

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

კომენტარები