საპატრიარქო

მეუფე პეტრე მეუფე იაკობზე: შეიძლება, ხელისუფლება მოსაყდრე შიოს ლეგიტიმაციაზე მსჯელობდა

ტვ პირველი

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა პატრიარქის ყოფილი ქორესპისკოპოსის, ბოდბელი ეპისკოპოსის ბრალდებებს ეხმაურება, რომელიც სახელისუფლებო პირებთან ერთად, მათ შორის მასაც ეხება. 

მიტროპოლიტი ამბობს, რომ მეუფე იაკობის "გამოხტომა არაადეკვატური იყო" და რომ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მას ცილი დასწამა. 

"რა თქმა უნდა, ის ჩემთვის არის არასერიოზული ადამიანი. მისი ყოველი სიტყვა ჩემთვის არის, როგორც უპასუხისმგებლო ადამიანის სიტყვა," - ამბობს მიტროპოლიტი პეტრე. 

მიტროპოლიტი პეტრე ყვება, რომ როდესაც მას ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები ჰქონია, ისინი მართვა-გამგეობის ფარგლებში მოსაყდრე შიოს ლეგიტიმაციაზე საუბრობდნენ, კერძოდ, მოსაყდრისთვის მის არქონაზე. 

"შეიძლება, ამაზე ფიქრობდნენ. პატრიარქი ან უნდა გადადგეს და მოსაყდრემ მოიწვია სინოდი და გაერთიანებული კრება, რომელმაც უნდა აირჩიოს ახალი პატრიარქი, ან უნდა მოსაყდრეობა იქნეს უკან გამოწვეული, როგორც არაკანონიკური ქმედება მართვა-გამგეობის დებულების თანახმად,"- ამბობს მიტროპოლიტი პეტრე.

მისივე თქმით, შესაძლოა, იმ შეხვედრაზე, რაზეც ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი საუბრობდა, სწორედ ამ საკითხზე იყო საუბარი და მაუფე იაკობი ნახევრად სიმართლეს საუბრობს. 

"აი, ჩემთან მიმართებით, მაგალითად, ახსენა მილიონი, რეალურად იყო ეს მილიონები, რომელიც მიზნობრივად დაიხარჯა. თითოეულ თეთრზე ვარ პასუხისმგებელი, მაგრამ მან ეს ცილისწამებისთვის გამოიყენა. იგივე შეიძლება, იყოს ამ ფაქტთან დაკავშირებითაც,"- ამბობს მეუფე პეტრე.

26 ოქტომბერს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. ეპისკოპოსი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

იმავე ინტერვიუში ბოდბელმა ეპისკოპოსმა ისიც თქვა, რომ მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან და რამდენიმე სახელისუფლებო პირთან ერთად პატრიარქის მკვლელობას გეგმავდა. 

მეორე დღეს მეუფე იაკობმა შენდობა მხოლოდ ლექსიკის გამო მოიხადა და თქვა, რომ თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს. მან ქორეპისკოპოსის პოსტი დატოვა.

ეპისკოპოს იაკობის ნათქვამი უარყვეს როგორც გიორგი გახარიამ, ისე ვახტანგ გომელაურმა და გიორგი კვირიკაშვილმა. პროკურატურა მისი განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას არ აპირებს.

კომენტარები