საპატრიარქო

მიტროპოლიტი პეტრე: სადაც ვიქნები, იქ ვიცხოვრებ ჩემი პირადი კანონებით

IPN

"მე სადაც ვიქნები, იქ ვიცხოვრებ ჩემი პირადი კანონებით. როგორც ბერს, მაქვს ჩემი პირადი კანონები და ისე ვიცხოვრებ, ღვთივ სათნოდ," - ასე ეხმაურება ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა პატრიარქის გადაწყვეტილებას, რომელმაც არ დააკმაყოფილა მიტროპოლიტის თხოვნა, შიომღვიმეს მონასტრის ნაცვლად, ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ ინჩხურის მონასტერში გაეგზავნათ. 

მიტროპოლიტი პეტრეს თქმით, ის ემორჩილება უსამართლო გადაწყვეტილებას და დატოვებს ჭყონდიდის ეპარქიას. მისივე თქმით, ის შიომღვიმეში წასვლას არ აპირებს და, სავარაუდოდ, თბილისში წავა. 

"ამით მე პასუხისმგებლობა მოვიხსენი, რომ არავის ეთქვა ეპარქიაში და არ დარჩენოდა მრევლს იმის განცდა, რომ მე დავტოვე და წავედი,"- ამბობს მიტროპოლიტი. 

31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ სინოდის ოქმი გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ "მიტროპოლიტი პეტრე გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე".

წმიდა სინოდმა მიტროპოლიტი პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობას ჩამოაცილა და მღვდელმოქმედება შეუჩერა, რის მიზეზადაც მიტროპოლიტი საპატრიარქოში "მამათმავლობის მხილებას" ასახელებს. სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ მიტროპოლიტმა თქვა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე "პედარასტიისა და მამათმავლობის ცოდვითაა შეპყრობილი".

კომენტარები