საიმპიჩმენტო გამოძიება დონალდ ტრამპის მიმართ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიების თაობაზე რეზოლუცია მიიღო

დონალდ ტრამპი, ნენსი პელოსი, მაიკ პენსი
AFP

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიებას ფორმალურად განსაზღვრავს.

რეზოლუციაში განსაზღვრულია როგორ წარიმართება გამოძიების შემდეგი, უფრო საჯარო ფაზა და განსაზღვრავს ტრამპის ადვოკატებისთვის სათანადო სამართლებრივი პროცედურებს. რეზოლუციას მხარი 232-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 196 იყო, მათ შორის ყველა რესპუბლიკელი კონგრესმენი და 2 დემოკრატი.

თეთრმა სახლმა რეზოლუცია დაგმო. "ამერიკის ისტორიაში კუდიანებზე უდიდესი ნადირობა! წაიკითხეთ ტრანსკრიპტი!" - ასე გამოეხმაურა ტრამპი კონგრესის გადაწყვეტილებას ტვიტერზე.

აღსანიშნავია, რომ ეს არ ყოფილა ტრამპის იმპიჩმენტისათვის კენჭისყრა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თქმით ეს ნაბიჯი გააქარწყლებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ თეთრ სახლს დოკუმენტების დამალვა ან კონგრესში გამოკითხვაზე უარის თქმა შეუძლია და პროცესის გამჭვირვალეობას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყება ოფიციალურად 24 სექტებერს გამოაცხადა.

გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა სკანდალი დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

სკანდალის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულ მედიაში გავრცელდა და მალევე ტრამპმა თავად გამოაქვეყნა საუბრის ტრანსკრიპტი. როგორც ტრანსკიპტიდან ირკვევა, ის ზელენსკის აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის და ამჟამად დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების წარმოებაში დახმარებას სთხოვს. ტრამპი ირწმუნება, რომ ამაში უკანონო არაფერი ყოფილა.

თუმცა, ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაწერა ანონიმური მხილება, რომელშიც ის სწორედ ამ სატელეფონო საუბარზე და თეთრი სახლის თანამშრომლების მიერ მისი დამალვის მცდელობაზე საუბრობს.

მიუხედავად ტრამპის მხრიდან კატეგორიული უარყოფისა, ფაქტი, რომ მან საუბრამდე მცირე ხნით ადრე უკრაინისათვის სამხედრო დამხარების შეჩერება ითხოვა, ხოლო ზელენსკის მიერ ამ თემის წამოწევის შემდეგ საუბარი ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიებაზე გადაიტანა, ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილს შანტაჟის მტკიცებულებად მიაჩნიათ.

აშშ-ის კონგრესში მოსმენისას ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდერ ვინდმენმა, რომელიც უშიშროების საბჭოს ექსპერტია უკრაინის საკითხებში და დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს უსმენდა თქვა, რომ ზარის ტრანსკრიპტში მნიშვნელოვანი სიტყვები და ფრაზებია გამოტოვებული.

ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საიმპიჩმენტო გამოძიების და იმპიჩმენტის პროცედურების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები