სექსუალური დანაშაული

შსს: იქმნება სექსუალური დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნება სექსუალური დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი იქნება სექსუალური დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა.

უწყებაში ამბობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავეს, რომლის მიზანი არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაული ჩამდენ პირთა მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება და დანაშაულის პრევენციაა.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები სექსუალური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

"მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა და ა.შ.", - თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა.

ნინო ცაციაშვილის განცხადებითვე, სამინისტროსთვის პრიორიტეტულია სექსუალური დანაშაულის საქმეებზე მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმოება. ის ამბობს, რომ ამ მიზნით შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური.

"კოორდინატორები პრიორიტეტულად მუშაობენ სექსუალური დანაშაულის მსხვერპლ არასრულწლოვნებთან და ეხმარებიან დანაშაულის შედეგად გამოწვეული პირველადი სტრესის გამკლავებასა და შესაბამისი სერვისებით სარგებლობაში", - თქვა ცაციაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვეში სექსუალური თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 306 შემთხვევაა რეგისტრირებული.

უწყებაში ამბობენ, რომ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 პირი - სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

ნახეთ ტაბულას სტატია სექსუალური ძალადობის შესახებ, მათ შორის, ძალადობა არასრულწლოვნების წინააღმდეგ - "3-4 წლის ვიყავი, მაწვენდა, მაშიშვლებდა, მეხებოდა" - სექსუალური ძალადობა და სახიფათო ნიშნები

კომენტარები