20-21 ივნისის ღამე

რატომ არ მიანიჭეს 20 ივნისს დაშავებულებს დაზარალებულის სტატუსი - სასამართლოს განმარტება

"აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს ზიანი," - თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, თუ რატომ არ მიანიჭეს მაკო გომურს და 20-21 ივნისს დაშავებულ სხვა პირებს დაზარალებულის სტატუსი.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შეისწავლეს საქმის ყველა გარემოება და საჩივარზე თანდართული მასალები და მიიჩნიეს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 

"სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულად ცნობისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი და პირის ბრალდებულად ცნობისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი თანაბარია, მაგრამ პირის დაზარალებულად ცნობა არ არის დამოკიდებული სს საქმეში კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისათვის საკმარის მტკიცებულებათა მოპოვებასთან," - წერია განცხადებაში. 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე კვლავ მიმდინარეობს გამოძიება, ჩასატარებელია საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში დაზარალებულად ცნობის საკითხი შემდგომში კვლავ შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი.

20 ივნისის ღამეს დაშავებული ადამიანები, მათ შორის მაკო გომური, დაზარალებულად არც სასამართლომ ცნო. გადაწყვეტილება ამის შესახებ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გუშინ, 28 ოქტომბერს მიიღო. 

დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა 16 პირს ეხებოდა. აქედან 8 ჟურნალისტია.

თავის დროზე ამ პირებს დაზარალებულის სტატუსზე პროკურატურამაც უარი უთხრა. პროკურატურის უარის შემდეგ უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ მოპოვებული მტკიცებულებების და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეფასდება თითოეული ეპიზოდი და ინდივიდუალურად გადაწყდება როგორც შეკრებაში მონაწილე მოქალაქეების, ასევე სამართალდამცველების დაზარალებულად ცნობის საკითხი.

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე - ეს ინფორმაცია ახალგაზრდა იურუსტთა ასოციაციამ 7 ოქტომბერს გაავრცელა.

კერძოდ, აქციის ძალადობრივად დაშლიდან ოთხი თვის შემდეგ, დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილე, რომელთა შორის მაკო გომური არ არის. მან 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა.

კომენტარები