დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის პარლამენტმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მხარი კვლავ არ დაუჭირა

ბორის ჯონსონი
Reuters

პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის გეგმა ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე პარლამენტმა კიდევ ერთხელ ჩააგდო.

მისი ბრექსითის შეთანხმების დაჩქარებული განხილვის ჩავარდნის გამო ჯონსონს სურს ვადამდელი არჩევნები 12 დეკემბერს დაინიშნოს, თუმცა ამისათვის პარლამენტარების 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ გეგმას მხარი კონსერვატიული პარტიის წევრმა ყველა პარლამენტარმა დაუჭირა, ოპოზიცია, მათ შორის ლიბერალ-დემოკრატები, ლიბორისტები და ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიულმა იუნიონისტური პარტია (DUP) წინააღმდეგი არიან. მათი ნაწილი თარიღით არის უკმაყოფილო, ნაწილი კი ამბობს, რომ ჯონსონს არ ენდობიან.

ლეიბორისტულ პარტიას არჩევნების მხარდაჭერამდე სურს ჯონსონმა უარყოს შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვების შესაძლებლობა. ლიბერალ-დემოკრატებს კი არჩევნები 9 დეკემბერს სურთ, რათა ჯონსონმა მისი ბრექსითის გეგმის პარლამენტში ხელახლა გატანა ვეღარ მოასწროს.

ჯონსონმა თქვა, რომ პარლამენტი "დისფუნქციურია" და "ქვეყანა მძევლად ჰყავთ აყვანილი, რაც უნდა დასრულდეს".

ჯონსონი გეგმავს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი კვლავ გაიტანოს კენჭისყრაზე, თუმცა გეგმაში ცვლილებები შევა, რათა 2/3-ის მხარდაჭერის ნაცვლად მის დასამტკიცებლად უმრავლესობის მხარდაჭერა იყოს საკმარისი.

ვადამდელი არჩევნების გეგმის კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც ჯონსონმა ოფიციალურად მიიღო ევროკავშირისაგან ბრექსითის ბოლო ვადის 31 იანვამდე მოქნილი პირობებით გადაწევის შეთავაზება. ევროკავშირისადმი მიწერილ წერილში ჯონსონი წერს, რომ 3-თვიანი გადავადება, რომელიც მას პარლამენტმა აიძულა, არასასურველი იყო.

გადავადების მოქნილი პირობები დიდ ბრიტანეთს საშუალებას უტოვებს ევროკავშირი ბრექსითის ბოლო ვადამდე დატოვოს, თუ ბრექსითის შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი 31 ოქტომბერს ევროკავშირს შეთანხმების გარეშე არ დატოვებს, თუ პარლამენტი მის დამტკიცებას ვერ მოახერხებს.

პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს გადავადება არ სურდა, თუმცა იძულებული გახდა ევროკავშირისთვის ეს მაინც ეთხოვა, რადგან პარლამენტმა მისი გეგმის დაჩქარებულ ვადაში განხილვაზე უარი თქვა. ამის შემდეგ ჯონსონი დაიმუქრა, რომ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდა, თუმცა ამისათვის ჯერ-ჯერობით საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს.

კომენტარები