დონალდ ტრამპმა იმ ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ტვიტერზე სამხედრო ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქრ-ალ ბაღდადის ლიკვიდაციის მიზნით ჩატარებულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.  

"არაჩვეულებრივი ძაღლი (სახელი არ მჟღავნდება), რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დატყვევებასა და ლიკვიდაციაში",-წერს დონალდ ტრამპი. 

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ალ-ბაღდადიმ თავი გვირაბს შეაფარა, მას უკან ძაღლი დაედევნა. ტრამპმა თქვა, რომ ალ-ბაღდადიმ გვირაბის ბოლომდე მიაღწია, თუმცა სამხედრო ძაღლებმა ის დაატყვევეს. 

ძაღლი არმია Delta-ს ეკუთვნის, რომელმაც ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაცია ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლი ოპერაციისას დაშავდა, თუმცა ის არმიას უკვე დაუბრუნდა.  

აშშ-ის პრეზიდენტმა ძაღლს "ლამაზი" და "ნიჭიერი" უწოდა, თუმცა ინფორმაცია მისი სახელის შესახებ გასაიდუმლოებულია. 

როგორც გამოცემა Newsweek-ი წერს, ძაღლს კონანი ჰქვია და ის ძუა. 

27 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკული სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ სირიაში, იდლიბის პროვინციაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს. ალ-ბაღდადი შენობის ქვეშ მდებარე გვირაბში მოიმწყვდიეს, რა დროსაც მან 3 ბავშვთან ერთად, რომლებსაც ცოცხალ ფარად იყენებდა, თავი აიფეთქა.

"ბოროტმოქმედმა, რომელიც სხვების დაშინებას ცდილობდა, საკუთარი ცხოვრების ბოლო წუთები პანიკასა და შიშში გაატარა",-თქვა დონალდ ტრამპმა.

ალ-ბაღდადის ნამდვილი სახელი იბრაჰიმ ავად ალ-ბადრია. ის 1971 წელს ქალაქ სამარაში, ბაღდადიდან ჩრდილოეთით დაიბადა. არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ 2003 წელს ერაყში აშშ-ის შესვლამდე ის ერთ-ერთ მეჩეთში სასულიერო პირი იყო, ზოგიერთი ინფორმაციით კი ალ-ბაღდადი სადამ ჰუსეინის მმართველობის დროსაც ჯიჰადისტი მებრძოლი იყო.

პირველად ალ-ბაღდადი 2010 წელს გამოჩნდა როგორც ერაყში ალ-ქაიდას ლიდერი. 2014 წელს კი გავრცელდა მოსულიში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ალ-ბაღდადი სირიასა და ერაყში ხალიფატის დაარსებას აცხადებს.

კომენტარები