თალაკვაძე: იოტისოდენადაც არ მჯერა იმის, რომ ხელისუფლებას პატრიარქის გადაყენება უნდა

fb.com/ArchilTalakvadzeOfficial

მე იოტისოდენადაც არ მჯერა იმის, რომ ხელისუფლებას უნდა პატრიარქის გადაყენება - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მეუფე იაკობის განცხადებებს, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით "ეჩალიჩებოდნენ"და ამ საკითხზე შეხვედრა მაშინდელი პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

თალაკვაძე ამბობს, რომ ტერმინი "პატრიარქის გადაყენება" მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია და "მას არანაირი საფუძველი არ შეიძლება ჰქონდეს".

"თუ ვინმეს არ მოწონს რას ამბობს ერთი მოძღვარი, ყოველთვის შეუძლია მივიდეს სხვა მოძღვართან. ეს არის თავისუფალი ქვეყანა, კულტურული საზოგადოება და არამგონია ამან დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე"- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. 

....................

26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

აღნიშნულს გამოეხმაურა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე" პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დააკისრა. 

დღეს, 28 ოქტომბერს, მეუფე იაკობი საპატრიარქოში მივიდა და პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა. საპატრიარქოს ვებ გვერდზე წერია, რომ მეუფე იაკობი თავისივე თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა. 

"მე გადავდექი მე, არავის გადავუყენებივარ. ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა"- თქვა მეუფე იაკობმა. 

კომენტარები