კვესიტაძე: მეუფე იაკობმა მითხრა, რომ გახარია პირადი კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდა

გადაცემა "მთავარი აქცენტების" წამყვანის, ეკა კვესიტაძის თქმით, მას მეუფე იაკობი ხშირად ურეკავდა და ეკლესიაში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრებოდა. კვესიტაძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ მისთვის არ იყო მოულოდნელი, რაც მეუფისგან TV პირველის ეთერში მოისმინა.

"ის თავად წარმართავდა, როდის უნდა დაერეკა და როდის არ უნდა ეპასუხა. მე არასდროს ჩამიწერია მისი საუბარი, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკას. გარდა იმისა, რაზეც თავად ისაუბრა TV პირველის ეთერში, ის ყვებოდა იმაზეც, თუ როგორ უნდოდა ხელისუფლებას მეუფე შიოს მოსაყდრედ დასმა, ამბობდა, რომ შიო იყო რუსეთის კაცი... 

... საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ის იყო ძალიან გაბრაზებული გახარიაზე. ერთერთი საუბრისას, ის მომიყვა, როგორ ემუქრებოდა გახარია, რომ გაასაჯაროებდა ფარულ ჩანაწერებს, პირად კადრებს, რომელიც იყო იაკობზე და სხვა... ის იყო გაცოფებული, როცა ლაპარაკობდა... როგორც ჩანს, გახარიასა და იაკობის ურთიერთობები ძალიან დიდი ხნის წინ დაიძაბა. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ის ადანაშაულებს გახარიას, რომ გახარია აშანტაჟებდა შს მინისტრობის პერიოდში მას და რამდენიმე მღვდელმთავარს პირადი სახის ჩანაწერების გამოქვეყნებით, შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორ შეამკო ჩემთან საუბარში გახარია, რომ მას აუცილებლად დაამთავრებდა. სხვათაშორის, ის მუდმივად აპელირებდა იმაზე, რომ შიოც და გახარიაც არის რუსეთის კაცი" - თქვა კვესიტაძემ.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მას გუშინ მეუფე იაკობმა თავად დაურეკა და შეპირდა, რომ გადაცემაში მიიღებდა მონაწილეობას.

........

26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

აღნიშნულს გამოეხმაურა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე" პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დააკისრა. 

საპატრიარქოში მეუფე იაკობის განცხადებებზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით კი, ამ საკითხზე მისი სერიოზული კომენტარი ისაა, რომ პატრიარქი ილია II უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში წარსულის, დღევანდელობის და მომავლის სიმბოლოა.

"პირველად გავიგე ეს ამბავი და ცოტა შოკირებული ვარ, მაგრამ ამის შემდეგ მახსენდება, რომ ეს ის მეუფეა, რომელიც ამბობდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო," - ამბობს გახარია და კითხვას, რატომ აკეთებს მეუფე იაკობი ასეთ განცხადებებს, პასუხობს, რომ ეს ჟურნალისტებმა თავად მეუფეს უნდა ჰკითხონ. 

"მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან - მეწაღემ წაღებუ უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას თავი დაანებოს,"- ამბობს გახარია.

კომენტარები