გახარია 20 ივნისის საქმეზე სპეცრაზმელის აღიარებას "კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატას" უწოდებს

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია 20 ივნისის საქმეზე სპეცრაზმელ გიორგი ესიაშვილის აღიარებას, რომ მან უფლებამოსილებას გადააჭარბა და გლუვლულიანი იარაღით ისე მიაყენა მოქალაქეებს დაზიანება, რომ შესაბამისი გარემოება არ არსებობდა, კონტექსტიდან ამოგლეჯილს უწოდებს. 

"კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატას რომ პოლიტიკური მიზნისთვის ვიღაც იყენებს, ეს სამწუხაროა. 20 ივნისს ჩვენ, ისტორია და მომავალი მისცემს შეფასებას, ისევე, როგორც პროკურატურა და საერთაშორისო საზოგადოება,"- ამბობს გახარია. 

24 ოქტომბერს 20 ივნისის საქმეში ბრალდებული სპეცრაზმელის, გიორგი ესიაშვილის, სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც პროკურატურა უფლებამოსილების გადაჭარბებაში ედავება. ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი ზაზა არჩვაძე ამბობს, რომ ესიაშვილი დამნაშავედ ცნობს თავს იმ ნაწილში, რომ მან გლუვლულიანი იარაღით გაისროლა და მოქალაქეებს დაზიანებები მიაყენა. 

"თუმცაღა თვლიდა, რომ არ უნდა მიეყენებინა, არ არსებობდა შესაბამისი გარემოება, რომ გამოეყენებინა იარაღი. ახლა ამ ეტაპზე თავს სრულად გრძნობს დამნაშავე,"- ამბობს ადვოკატი. 

ადვოკატისვე თქმით, ბრალში მითითებულია, რომ არ არსებობდა შესაბამისი წინაპირობა იმისა, რომ მას გამოეყენებინა კონკრეტული იარაღი, თოფი და ესროლა. 

პროკურატურამ ესიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ის 10 000-ლარიანი გირაოს საფასურად გაათავისუფლა. საქმეზე არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქცია გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად - რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლებით დაარბია. დარბევის შედეგად დაშავდა 260-ზე მეტი ადამიანი. 20 ივნისის ღამის შემდეგ ათასობით მოქალაქე 3 თვის განმავლობაში პარლამენტის შენობის წინ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან, თუმცა გადადგომის ნაცვლად, ის ქართული ოცნების გუნდში დაწინაურდა და პრემიერმინისტრად დაინიშნა. 

20 ივნისის ღამის საქმეზე პროკურატურამდაზარალებულის სტატუსი 67 სამართალდამცავსა და მხოლოდ 4 მოქალაქეს მიანიჭა. ეს იმ ფონზე, რომ ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის დროს 260-ზე მეტ დაშავებულ ადამიანს შორის, 160-ზე მეტი სამოქალაქო პირია - მათგან 37 ჟურნალისტი, მათ რეზინის ტყვიებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. აქციის დარბევისას თვალი დაკარგა ორმა ადამიანმა. მხედველობა დაკარგა ან დაუზიანდა 6 ადამიანს. რეზინის ტყვია სახის არეში მოხვდა 13 ადამიანს, გულმკერდის არეში - 48-ს. სხვადასხვა სახის მსუბუქი დაზიანება კი 57-მა ადამიანმა მიიღო. 

ამ საქმეზე სულ სამ სამართალდამცველს წაუყენეს ბრალი და მათგან არცერთი არ არის დაკავებული. ეს მაშინ, როდესაც ამავე საქმეზე აქციის 19 მონაწილეს აქვს ბრალი წაყენებული, მათგან 14 დღემდე პატიმრობაში რჩება. 

კომენტარები