საპატრიარქო

მეუფე იაკობი: მეუფე პეტრე, მაღალჩინოსნები და ჩხარტიშვილი ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ

პატრიარქი ილია მეორე

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ. 

"მე შემიძლია ისეთი საბუთები მოგაწოდოთ და მსოფლიოს მივაწოდო ისეთი საბუთები, რომ მეუფე პეტრე და დეკანოზი [გიორგი მამალაძე] ერთად იყვნენ ყველაფერში, [პატრიარქის] მკვლელობაში, თუნდაც... არამარტო მეუფე პეტრე, სახელმწიფოდან ვიღაცები ჩარეულები იყვნენ და ზოგიერთი ბიზნესმენი ჩარეული იყო მაგ ამბავში,"- თქვა მეუფე იაკობმა ტვ პირველის ეთერში სატელეფონო ჩართვისას.

შეკითხვაზე, გულისხმობს თუ არა ე.წ ციანიდის საქმეს, მეუფე იაკობი პასუხობს, რომ "აბა, რა უნდა ვთქვა, რა?"

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. 

"მაგ სამი კაცისთვის ვინმეს რომ არ დაევალებინა... პირდაპირ ბრძოლად ვუცხადებ ვინც მაგათ ეგ დაავალა. მითხრეს, რომ... პირდაპირ გეტყვით, ვანოს ჩხარტიშვილის ის იყო ბიძინასთან... ბიძინამ კიდე ამათ დაავალა. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ,"- თქვა მეუფე იაკობმა. 

ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული. 

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

კომენტარები