ლუკ კოფის ინიციატივა

თავდაცვის სამინისტროში არ იციან, გამოეხმაურებიან თუ არა ლუკ კოფის ინიციატივას

ირაკლი ღარიბაშვილი
იმედი

თავდაცვის სამინისტროში არ იციან, გამოეხმაურებიან თუ არა The Heritage Foundation-ის მკვლევრისა და ანალიტიკოსის, ლუკ კოფის, ინიციატივას, რომელიც სირიიდან გამოსული ჯარების საქართველოში განლაგების იდეით გამოვიდა. 

ტაბულა მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა თავდაცვის სამინისტროში იმის გარკვევას, გააკეთებს თუ არა უწყება განცხადებას ან რაიმე კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი უცვლელი იყო - "ჯერჯერობით არ ვიცით". 

კოფის ინიციატივას არ გამოხმაურებია არც საგარეო საქმეთა სამინისტრო და არც პრემიერმინისტრი. 

ჟურნალისტები ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს მთელი დღის განმავლობაში უსვამდნენ კითხვებს კოფის ინიციატივასთან დაკავშირებით, თუმცა მმართველი გუნდის წევრებს პირდაპირი პასუხის გაცემა უჭირდათ და ამას იმით ხსნიდნენ, რომ ლუკ კოფი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობას და ის ექსპერტ-ანალიტიკოსია. 

საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ორგანოების წევრებისთვის რთული აღმოჩნდა იმის თქმაც კი, მოსწონდათ, თუ არა კოფის ეს ინიციატივა და გამოიყენებდნენ თუ არა მათ ხელთ არსებულ რესურსს იმისთვის, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ამ იდეით დაეინტერესებინათ. უფრო მეტიც, მათ ისიც კი არ უთქვამთ, გაზიარების შემთხვევაში, რამდენად სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ეს საქართველოსთვის. 

24 ოქტომბერს ლუკ კოფიმ Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც გამოვიდა შეთავაზებით, რომ სირიიდან გამოსვლის შემდეგ აშშ-ის ჯარები საქართველოში, კერძოდ ახალქალაქში უნდა განთავსდნენ და ამ მხრივ, კოფის თქმით, "ჰორიზონტს მიღმა" არსებული ძალა უნდა გახდნენ, რათა ისლამური სახელმწიფოს აღდგენის შემთხვევაში, მათ სწრაფად უპასუხონ ამ გამოწვევას. მოგვიანებით ლუკ კოფიმ ინიციატივასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ეს მათ შორის რუსეთსაც ეხება, ხოლო მათ, ვინც ამ პროცესში თურქეთის ფაქტორზე ღელავს, კოფის თქმით, არ ესმით, როგორია თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა. 

კომენტარები