ესპანეთი

ესპანეთის დიქტატორის, ფრანცისკო ფრანკოს ნეშტი მავზოლეუმიდან გადაასვენეს

EPA

ესპანეთის დიქტატორის, ფრანცისკო ფრანკოს ნეშტი მავზოლეუმიდან გადაასვენეს. მას ელ პარდოს სასაფლაოზე დაკრძალავენ, სადაც მისი ცოლია დაკრძალული.

ცერემონიას იუსტიციის მინისტრი, მღვდელი და ფრანკოს 22 შთამომავალი ესწრებოდა. არ დაუშვეს მედია.

ნეშტის გადასვენებისათვის საჭიროა ბეტონის 1,500 კილოგრამიანი ფილის აწევა, რომელიც კუბოს ფარავს და შემდეგ ნეშტის ვერტმფრენით გადასვენება. ჯამში ეს პროცესი ესპანეთს 63,000 ევრო დაუჯდება.

ფრანკოს ოჯახმა გადასვენება სასამართლოში გასაჩივრა, თუმცა პროცესი წააგო. მათ გააპროტესტეს დაკრძალვის ადგილიც და მოითხოვეს ფრანკოს ნეშტი დედაქალაქის ცენტრში მდებარე ალმუდენას კათედრალში გადაესვენებინათ, თუმცა სასამართლომ არც ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ფრანკო 44 წლის წინ გარდაიცვალა. მაშინ ის დაცემულთა ხეობაში (Valle de los Caídos) დაკრძალეს. ეს ეროვნული მონუმენტი და ბაზილიკაა რომელიც მადრიდიდან 50 კილომეტრში მთაშია გამოჭრილი და სწორედ ფრანკოს მმართველობისას აიგო. მშენებლობაში პოლიტპატიმრებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც ფრანკოს რეჟიმი იძულებით ამუშავებდა.

იქ დაკრძალულია 1936-39 წლებში, სამოქალაქო ომში დაღუპული 30,000-ზე მეტი ადამიანი.

ფრანკოს ნეშტის გადასვენება ესპანეთის სოციალისტური მთავრობის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. მათი თქმით ესპანეთმა არ უნდა ადიდოს ფაშისტური მთავრობა, რომელიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა. პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა თქვა, რომ მონუმენტი ომის მსხვერპლთა ხსოვნის სიმბოლო უნდა გახდეს.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ ესპანეთის მოსახლეობის 43% მთავრობის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. წინააღმდეგი იყო 32.5%. მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ ფრანკო მისი არმიის მსხვერპლებთან ერთად არ უნდა იყოს დაკრძალული და მას პატივს არ უნდა მიაგებდნენ, როგორც ესპანეთის მხსნელს.

1977 წელს მიღებული ამნისტიის კანონი ფრანკოს რეჟიმის დანაშაულებების გამოძიების საშუალებას არ იძლევა, თუმცა ფრანკოს ძეგლები აიღეს და ქუჩებს სახელები გადაარქვეს.

2007 წელს სოციალისტურმა მთავრობამ მიიღო ისტორიული მეხსიერების კანონი, რომელიც ომის მსხვერპლებს ცნობს და ფრანკოს დიქტატურას გადარჩენილებს და მსხვერპლთა ოჯახებს დახმარებას უწევს. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება სამოქალაქო ომის და შემდგომში ფრანკოს რეჟიმის მიერ გატარებული რეპრესიების 100,000-მდე მსხვერპლი.

კომენტარები