სილაგაძის მოსმენა

მოსამართლეობის კანდიდატი: კონსტიტუცია აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობას

"ჩვენი სახელმწიფო და კონსტიტუცია აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობას," - უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი პაატა სილაგაძე პასუხობს გიორგი მშვენიერაძის კითხვას: "ჩვენი სახელმწიფო აღიარებს თუ არა ღმერთის არსებობას და რომელი ღმერთის?"

"ჩვენი სახელმწიფო და კონსტიტუცია აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობას და კონკორდატით არის დადებული ეს ხელშეკრულება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის," - ამბობს სილაგაძე და ამატებს, რომ  "ქრისტიანული სახლემწიფო ვართ. თუმცა ტოლერანტობიდან გამომდინარე სხვა რელიგიებსაც აქვთ არსებობის უფლება."

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში რომელიმე რელიგიის უპირატესობაზე არაფერი წერია, მართლმადიდებლობასთან მიმართებაში კი აღნიშნულია, რომ სახელმწიფო აღიარებს საქართველოს ისტორიაში მის განსაკუთრებულ როლს. 

მუხლი 8. სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.

პაატა სილაგაძე სააპელაციო  სასამართლოს უვადო მოსამართლეა და მას უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნა სურს. 

პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. 

პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-13 კანდიდატია, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უსმენს. პარლამენტის წინაშე სულ 20 კანდიდატი წარდგება. ისინი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის 20 ვაკანტური ადგილისთვის იბრძვიან. 

კომენტარები