ყოფილი პროკურორი

​წილოსანი: ყოფილი პროკურორის FB პოსტით დავინტერესდი, მასზე ინფორმაციას გამოვითხოვ

ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის Facebook პოსტს გამოეხმაურა, სადაც ის უწყებაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, ნეპოტიზმზე, პროკურორების დამოუკიდებლობაზე, შერჩევით სამართალზე და სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს.

წილოსანი ამბობს, რომ ის ამ თემით დაინტერესდა და ადეიშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას აუცილებლად გამოითხოვს. 

"ძალიან გულდასაწყვეტი იქნება თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას სისტემური ხასიათი არ აქვს და მას გარკვეულ შემთხვევაში, შეიძლება უბრალოდ იმედგაცრუება ჰქონდა, თუმცა ვთვლი, მე როგორც ქალი პარლამენტარი, აუცილებლად უნდა დავინტერესდე"- ამბობს წილოსანი. 

ყოფილმა პროკურორმა Facebook-ზე საჯარო პოსტი გუშინ, 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ადეიშვილი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს და წერს, რომ "პატრონის" და "ჩალიჩის" გაერშე შუშის ჭერი კი არა ბეტონის დიდი ფილა გაქვს თავზე შეზრდილი (მინიმალური გამონაკლისებით)". სალომე ადეიშვილი საქმეების უსამართლო გადანაწილებაზე, ასევე, სამსახურში სექსუალური შევიწროების შესახებაც საუბრობს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ყოფილი პროკურორის Facebook პოსტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

კომენტარები