დაზარალებულის სტატუსი

კვიციანისგან ფიზიკური ძალადობის გამო ბერძენიშვილი დაზარალებულის სტატუსს ითხოვს

მოძრაობა "ქვეყნის სამსახურშის" წევრმა ზუკა ბერძენიშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს მიმართა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. საქმე ეხება 8 სექტემბერს, პარლამენტთან მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ბერძენიშვილის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ბერძენიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმავე დღეს წარმოადგინეს უამრავი მტკიცებულება, გამოძიება არ მოქმედებს. მისი თქმით, აქვს საფუძველი იფიქროს, რომ პროცესები სამართლიანად არ მიმდინარეობს. 

"მე დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მაქვს მონიჭებული. მე ემზარ კვიციანისგან დავზარალდი სხვათაშორის პოლიციელებიც დაზარალდნენ. საქმეს აქვს პრეცედენტული და პრინციპული მნიშვნელობა, იმიტომ რომ დეპუტატის მანდატის და ივანიშვილის კეთილგანწყობის ქვეშ მყოფი ემზარ კვიციანი იქცევა ისე, რომ მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი"- თქვა ბერძენიშვილმა. 

8 სექტემბერს, ემზარ კვიციანმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის სირცხვილის კორიდორმა გააღიზიანა. აქტივისტებმა კვიციანს რუსეთის მონა უწოდეს, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა კი, მათ აგინა, ხოლო რამდენიმე მათგანს ხელი დაარტყა. დეპუტატმა ასევე აგინა პოლიციას. ემზარ კვიციანი ტერიტორიიდან განარიდეს, თუმცა, არ დაუკავებიათ. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის (სსკ-ის 126-ე) მუხლით დაიწყო.

კომენტარები