გამოძიება შეწყალების საქმეზე

თადუმაძე: თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ

გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის თქმით, "შეწყალების საქმესთან დაკავშირებით თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ".

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საჭიროების შემთხვევაში პროკურატურა იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით და აღნიშნა, რომ გამოძიების ფარგლებში ჯერჯერობით იმ პირებს კითხავენ, რომელთა დაკითხვის აუცილებლობაც არის.

მთავარმა საგამოძიებო უწყებამ გამოძიება პრეზიდენტის მიერ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნაწილი  გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა.

პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის არის პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. ასევე, მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. 

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას არ აქვს უფლებამოსილება, საზოგადოებას რამე განუმარტოს. ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში მიმდინარე საქმის ფარგლებში, პრეზიდენტმა უპასუხა:

"არა, რატომ უნდა ვიყო [პროკურატურაში]?"

_____________________________________________________________________________________

მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა. 

მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ორი პირის შეწყალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ კი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება". 

წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ შეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს. 

ევროპული საქართველოს წყაროს ინფორმაციით კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საშუალებითა და შუამდგომლობით გვარდება. პარტიამ საქმის გამოსაძიებლად უწყებას ერთი თვე მისცა. თუ ერთი თვის შემდეგ პროკურატურას კითხვებზე პასუხი არ ექნება, პარტია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს. ევროპული საქართველოს ლიდერებმა 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ მათი წყარო საადვოკატო წრეებთან არის დაკავშირებული.

23 სექტემბერს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ პირდაპირ არ თქვა, მაგრამ მიანიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სია ანგი ხუციშვილმა გადასცა. გაბუნიამ მხოლოდ მისი ამჟამინდელი თანამდებობა დაასახელა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამის გარკვევა არ გაუჭირდებათ.

ვინ არის ანგი ხუციშვილი დეტალურად შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.

შეწყალების საქმეზე ანგი ხუციშვილი და დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში 2-ჯერ გამოკითხეს. 

4 ოქტომბერს, რადიო თავისუფლებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მკვლელობაში მსჯავრდებულებთან ერთად, არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულიც შეიწყალა. 

5 ოქტომბერს, ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეწყალების საქმეზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ აქვს. "მე გეუბნებით, რომ ვერ გეუბნებით. არ მაქვს ამისი უფლება. მე ვიცი რომ ეს არის ჩემი პასუხიმგებლობა და მე ვიცი რომ ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია და შეგიძლიათ მომკლათ"- თქვა ზურაბიშვილმა. 

კომენტარები