პრეზიდენტის შეწყალება

წულუკიანი: იმედია, პარლამენტი შეწყალების საკითხისთვის რაც შეიძლება მალე მოიცლის

თეა წულუკიანი
ტაბულა

თეა წულუკიანს იმედი აქვს, რომ მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, პარლამენტი შეწყალების საკითხისთვის მოიცლის. 

იუსტიციის მინისტრის თქმით, ახლა შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების საკითხი იქნება გასააქტიურებელი

"როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა [შეწყალებაზე] მორატორიუმი გამოაცხადა, რომელიც, რა თქმა უნდა, დროებითია, მაშინ ბრძანა, რომ საქართველოს პარლამენტთან ერთად დაიწყებოდა შესაბამის ახალ ნორმებზე მუშაობა. ჩემთვის არ არის ცნობილი [ვითარება], ალბათ გასააქტიურებელი იქნება შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების საკითხი. მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ამისთვის რაც შეიძლება მალე მოიცლის (მესმის, რომ ბევრი საჭირბოროტო და სასწრაფო საკითხი იხილება პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში საკანონმდებლო ორგანოში) და ჩვენ შევძლებთ, რომ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ჩართვის მზაობაც არაერთხელ გამოვხატე, პენიტენციური სამსახურის და ზოგადად იუსტიციის პოზიციები იყოს პროცესში წარმოდგენილი და მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი დაჩქარდება. 

ვინაიდან ჩვენ არ მიგვყავს ეს პროცესი, ვარაუდი, თუ როდის დასრულდება ის, ჩემი და მთავრობის მხრიდან შეუძლებელი იქნება, მაგრამ მორატორიუმი, სასურველი იქნებოდა, რომ დროულად დასრულდეს და ადამიანებმა შეძლონ იქონიონ იმედი, რომ მათი საქმე მოკლე ვადებში იქნება განხილული და ჰქონდეთ არა გაურკვევლობის განცდა, არამედ განჭვრეტადობა და ზუსტი კრიტერიუმები, როდის და როგორ შეიძლება მათი შეწყალება მოხდეს", - თქვა თეა წულუკიანმა. 

პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის არის პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. ასევე, მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. 

საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნაწილი  გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას არ აქვს უფლებამოსილება, საზოგადოებას რამე განუმარტოს. ასევე მედიას კითხვა შეუბრუნა - "არა, რატომ უნდა ვიყო პროკურატურაში?", - თქვა მან. 

თეა წულუკიანმა ამ კომენტარის შეფასებისას თქვა: 

"მე რომ ვიყო პრეზიდენტი, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას". 

მას შემდეგ, რაც მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტების გახმაურებას საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა მანამ, სანამ "შეწყალების წესები არ გადაიხედება". 

ამისთვის პარლამენტში სამუშაო ჯგუფი უნდა შედგეს, სადაც, ზურაბიშვილის თქმით, "ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს წესები, რომ არ მოხდეს საზოგადოების შეშფოთება".  

მორატორიუმის გამოცხადებამდე ზურაბიშვილმა განცხადებაც გაავრცელა და გამოვიდა ინიციატივით, "სკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად შეწყალების გამოყენების უფლება დაიხვეწოს". 

"შეწყალების აქტი არ უნდა გახდეს უნდობლობის საფუძველი. იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა,"- წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტაბულა დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას კითხვით, ნიშნავს თუ არა პრეზიდენტის ეს ინიციატივა იმას, რომ შესაძლოა, მომავალში პრეზიდენტს შეწყალების უფლებამოსილება შეეზღუდოს, სადაც გვითხრეს, რომ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ.

წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ შეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს. 

კომენტარები