გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენა

ლილუაშვილი: თუ ვინმეს საფრთხეზე ანთება სურდა, გავრილოვის სკამში ჩაჯდომამდე უნდა ამოგვეღო ხმა

მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სტუმრებთან დაკავშირებით სუს-მა რეკომენდაციები გასცა და რამდენიმე ადამიანის "შეკავება" სწორედ ამ რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა, რადგან "უშუალოდ ქონდათ დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ და შემჩნეულები იყვნენ დესტრუქციულ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართულ განცხადებებში".

რაც შეეხება რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატ სერგეი გავრილოვს, მასთან დაკავშირებით ლილუაშვილი ამბობს, რომ გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდა.

ეს განცხადება სუს-ის უფროსობის კანდიდატმა პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, ევროპული საქართველოს დეპუტატ გიორგი კანდელაკის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

"ამ ასამბლეის დღის წესრიგში, არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში ჩატარებულშიც, ვერ მოვიძიეთ ისეთი სარისკო თემები, რომელთა განხილვაც უკავშირდება ქვეყანაში ამა თუ იმ პირის შემოშვებას თუ არ შემოშვებას. ეს არის საერთაშორისო ფორმატი, ამაში მონაწილეობას პოლიტიკოსები იღებენ. თუკი თქვენ ჩათვლით, რომ ეს პოლიტიკურად მიზანშეუწონელია, ეს საკითხი ჩვენთან არ უნდა დააყენოთ", - თქვა ლილუაშვილმა.

ამასთან, სუს-ის უფროსობის კანდიდატი ამბობს, რომ გავრილოვის ვიზიტის შესახებ პოლიტიკური ძალები ინფორმირებულები იყვნენ და სანამ "ჩაჯდებოდა სავარძელში, მანამდე უნდა ამოგვეღო ხმა". ლილუაშვილის თქმითვე, "ეს" პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენეს.

"აღნიშნული ვიზიტის განხორციელების თაობაზე საქმის კურსში იყო ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, მათ შორის პარლამენტში წარმოდგენილიც. თუ რამე განცხადების გაკეთება ვინმეს უნდოდა და საფრთხეებზე ანთება, ბატონი გავრილოვი სანამ ჩაჯდებოდა სავარძელში, მანამდე უნდა ამოგვეღო ხმა. ესეც ჩვენი აზრით, გამოყენებულ იქნა პოლიტიკური ინტერესებისთვის, ეს გასაგებია. რა თქმა უნდა, ეს თქვენი უფლებაა", - თქვა მან.

გრიგოლ ლილუაშვილმა გიორგი კანდელაკს ასევე უთხრა, რომ მისი თანაგუნდელებიც არიან ფოტოსურათებზე აღბეჭდილი სერგეი გავრილოვთან ერთად "ძალიან მეგობრულ ფორმებში".

"ოკუპანტი საქართველოშიც ოკუპანტია და მის ფარგლებს გარეთაც. შესაბამისად, თუ ფოტოსურათებით და განცხადებებით ვიმსჯელებთ, თქვენი პოლიტიკური გუნდის ბევრი წევრი მათთან ფოტოსურათებზე არის აღბეჭდილი ძალიან მეგობრულ ფორმებში. თუკი ოკუპანტი არის საქართველოში ოკუპანტი, რატომ არ არის ის თქვენთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ?", - აღნიშნა ლილუაშვილმა.

​მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილი გრიგოლ ლილუაშვილი ასევე ამბობს, რომ გავრილოვის ვიზიტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღო და ეს პასუხისმგებლობა, მისი პირადი შეფასებით, "თანაბარი და საკმაოდ ადეკვატური იყო".

აღსანიშნავია, რომ სწორედ გიორგი კანდელაკი რუსი დეპუტატების საქართველოში შემოშვებას ჯერ კიდევ 17 ივნისს აპროტესტებდა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმი თბილისში 18-23 ივნისის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო. ის ქართული ოცნების დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის, ინიციატივით იმართებოდა. სწორედ მან მოიწვია საქართველოში ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები, რომლებიც ქალაქში სახელმწიფო დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ. 

პროტოკოლის მიხედვით, მეორე დღეს, 20 ივნისს სხდომა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფოტომ, როგორ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ევროპულმა საქართველომ, მოგვიანებით კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გავრილოვი აიძულეს, პარლამენტი დაეტოვებინა.

პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ხილვას მასობრივი სამოქალაქო პროტესტი მოხდა. 20 ივნისს გამართული მრავალათასიანი ანტისაოკუპაციო აქცია ხელისუფლებამ ძალადობრივად - რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და მოგვიანებით წყლის ჭავლებით დაარბია. 

დარბევის შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათგან 160 სამოქალაქო პირი, რომელთაგან 2-მა, რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად, თვალი დაკარგა. პროტესტის ფონზე ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის მანდატის, ირაკლი კობახიძეს კი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დათმობა მოუწიათ. 

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები