თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში.

თურქეთმა შესაძლოა მილიარდი ევროს ინვესტიცია დაკარგოს - მიზეზი სირიის სპეცოპერაციაა

traunsteiner-tagblatt.de

თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიაში პირველი ეკონომიკური დანაკარგები აქვს. სამხედრო მოქმედებების გამო, გერმანულმა ავტოკონცერნმა Volkswagen-მა, თურქეთთან შეთანხმებული საინვესტიციო კონტრაქტის ხელმოწერა გადადო. საუბარია 1.4 მილიარდ ევროს ინვესტიციაზე. 

გადაწვეტილება დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და უკვე დასკვნით ეტაპზე იყო, როდესაც თურქეთმა 9 ოქტომბერს სირიაში სამხედრო სპეცოპერაცია დაიწყო. შედეგად, 15 ოქტომბერს Volkswagen-მა მზა კონტრაქტის ხელმოწერა გადადო. 

გერმანული ავტოკონცერნი ქალაქ მანისში, იზმირის პორტთან ახლოს ახალი საავტომობილო ქარხნის გახსნას გეგმავდა, რისთვისაც ადგილზე შვილობილი კომპანიაც კი დააარსა.

"აქციონერების მმართველთა საბჭომ ახალი ქარხნის შესახებ გადაწყვეტილებას მიღება გადადო. ჩვენ ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს",— ნათქვამია Volkswagen-ის განცხადებაში. 

გერმანული მედიის ინფორმაციით, ინვესტიციის ღირებულება მილიარდ ევროს აღემატება. ამ თანხით იგეგმებოდა ავტოქარხნის მშენებლობა, რომელიც წელიწადში 300 ათას ავტომობილს გამოუშვებდა. პროექტი 4 ათასი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. მშენებლობის დაწყება მომავალი წელს იგეგმებოდა. ახალი ავტოქარხანა კონცერნს აღმოსავლეთ ევროპის ბაზრის მომარაგებისთვის ჭირდებოდა და ადგილმდებარეობაც ამ ფაქტორის გათვალისწინებით შეირჩა. 

Volkswagen-ის გადაწყვეტილებას თურქეთში მასშტაბური ინვესტიცია განეხორცილებინა, ადრეც აკრიტიკებდნენ. უკმაყოფილება ბოლო წლებში ქვეყანაში სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით ვითარების გაუარესებას უკავშირდებოდა. თავის მხრივ კონცერნი მიუთითებდა, რომ თურქეთი უკვე დიდი ხანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატია.

სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. თურქეთის მოქმედებები სხვა ქვეყნებთან ერთად გერმანიაშიც გააკრიტიკეს. ოპერაციის განმავლობაში სერიოზული სამოქალაქო დანაკარგები პრაქტიკულად დაასამარებს პროექტს. 

ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა გერმანელ პოლტიკოსებსაც შეუძლიათ. ქვედა საქსონიის ფედერალური მიწა, სადაც კონცერნის შტაბ-ბინა მდებარეობს, ამავდროულად კონცერნის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერია და ვეტოს უფლებითაც სარგებლობს. 

ქვემო-საქსონიის პრემიერ-მინისტრმა შტეფან ვაილმა მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა, რომ ამ ვითარებაში ამ მასშტაბის ინვესტიციის განხორციელება რთულად წარმოუდგენია. 

ვაილმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ყურადღებით დაააკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

კონცერნის გადაწყვეტილებაზე დადებითად არ იმოქმედებს აშშ-ს ახალი სანქციებიც, რომელიც თურქეთს იმავე მიზეზით დაეკისრა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ეკონომიკური რეცესიის შემობრუნების ალბათობა თურქეთში საკმაოდ დიდია. 

ბოლო წლებში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის გამო თურქეთის ეკონომიკა საგრძნობლად შესუსტდა, რეკორდულად გაუფასურდა ლირა. დამოუკიდებელ ცენტრალურ ბანკთან დაპისპირების გამო, მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. 

თურქეთის სერიოზული ეკონომიკური სირთულეები პირდაპირ აისახება საქართველოზეც. უკვე რამდენიმე წელია, თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ნებისმიერი ეკონომიკური რეცესია თურქეთში, საქართველოს ეკონომიკას მყისიერად იმოქმედებს. 

კომენტარები