Washington Post: რუსეთი 400-მდე ჩრდილო კორეელს აფხაზეთში ასაქმებს

Joel van Houdt / Washington Post

როგორც ვაშინგტონ პოსტი იუწყება, ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეები კრემლის ხელშეწყობით აფხაზეთში პოულობენ სამუშაოს.

ამერიკული გამოცემის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში 400-მდე ჩრდილო კორეელია, უმეტესად მამაკაცები, ვინც შემოსავლის ნაწილს სახლში ოჯახსა და შვილებს უგზავნის.

მათი უმეტესობა სოხუმში, მიტოვებულ სანატორიუმებში ცხოვრობს.

სტატიაში მაგალითისთვის მოყვანილია ჩრდილო კორეელი მამაკაცი, რომელიც დამსვენებლებს პლაჟზე მასაჟს უკეთებს და ერთ სესიაში 7 დოლარს გამოიმუშავებს.

ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი თამილა მერცხულავა აცხადებს, რომ ინიციატივა ჩრდილო კორეულმა მხარემ გამოიჩინა და მუშახელი აფხაზებს თავად შესთავაზა.

მერცხულავა თავადაც ეწვია ფხენიანს და შემდეგ ჩრდილო კორეელი თანამდებობის პირებიც ჩავიდნენ აფხაზეთში.

როგორც ვაშინგტონ პოსტი წერს, კრემლის მიზანი ჩრდილო კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის კეთილგანწყობის შენარჩუნებაა, რისთვისაც ჩრდილო კორეელებს ეხმარება, ქვეყნის გარეთ ეძიონ სამუშაო და სამშობლოში დარჩენილ ოჯახის წევრებს დაეხმარონ.

ამგვარად, 10 000 ჩრდილო კორეელი კვლავ მუშაობს რუსეთში. არცთუ დიდი ხნის წინ ეს რიცხვი 40 000-ს აღწევდა.

ჯამში, საზღვარგარეთ 100 000 ჩრდილო კორეელია დასაქმებული და აშშ-ს დათვლით, მათ მიერ განხორციელებული ფულადი გადარიცხვები წელიწადში 500 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

კომენტარები