ხაშურის ჰოსპიტალი

ხაშურში მშობიარე ჩვილთან ერთად დაიღუპა, კლინიკა პერსონალის მხრიდან გადაცდომაზე საუბრობს

tsamali.ge

ხაშურის ჰოსპიტალში მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა. ფაქტის შესწავლა ჰოსპიტალის შიდა მოკვლევის სამსახურმა დაიწყო. მათი განცხადებით, პირველ ეტაპზე, მედ-პერსონალის მხრიდან გადაცდომა გამოავლინეს.

"ხაშურის ჰოსპიტალს სახელმწიფო ლიცენზიის თანახმად მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის პირველი დონის შესაბამისი სამეანო საქმიანობის წარმართვის უფლება, რომელიც არ ითვალისწინებს ასეთი რთული მშობიარობის მართვას.

გარდაცვლილი ქალბატონი კლინიკაში მოთავსებისთანავე, ყველა საერთაშორისო პროტოკოლისა და რეფერალის ეროვნული კრიტერიუმების თანახმად ექვემდებარებოდა შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამშობიარო სახლში (პერინატალური მოვლის II ან III დონის კლინიკაში) გადაყვანას.

მიგვაჩნია, რომ ჰოსპიტლის სამეანო განყოფილების მორიგე მედ პერსონალმა სათანადოდ ვერ შეაფასა მშობიარის რისკები და არ განახორციელა ორსულის დროული რეფერალი. სამწუხაროდ, მშობიარობის პროცესი გართულდა და ვერ მოხერხდა დედა-შვილის გადარჩენა.

ამ დარღვევის გამო ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენ კლინიკაში პროფესიული საქმიანობა შეუჩეროს იმ სამედიცინო პერსონალს, რომელმაც მშობიარე ქალბატონის რეფერალი არ განახორციელა. ჰოსპიტალი ასევე ითანამშრომლებს ყველა სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოსთან და დაელოდება შემთხვევის შესახებ საბოლოო დასკვნების გამოქვეყნებას.

კიდევ ერთხელ გვსურს ღრმა მწუხარება გამოვხატოთ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს" - აცხადებს ხაშურის ჰოსიპიტალი.

კომენტარები