პოლიტიკური დევნა

კალაძე: 2020 წელს ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას, ამას გადაწყვეტს მოსახლეობა და არა - ბოკერია

კახა კალაძე

"2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, რომელი პოლიტიკური პარტია იქნება, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია" - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბარში თბილისის მერი კახა კალაძე ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ აუცილებელია, ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიას განცხადებები არ მოუსმენია და შეფასებების გაკეთება გაუჭირდება.

კითხვაზე, "კოაბიტაცია იყო თუ არა თავის დროზე შეცდომა", კახა კალაძემ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება გაიხსენა.

"მე შემიძლია, კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც შემდეგი შინაარსის იყო - მოვიქცევით და მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში, რასაც ვუყურებთ და ვაკვირდებით, ეს ადამიანები კიდევ ერთხელ შეეცადნენ, რომ მიდგომა, დამოკიდებულება, თანამედროვეობა, ისევ ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ, რაც ძალიან ცუდია. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა გვაქვს" - თქვა კალაძემ.

13 ოქტომბერს მთავარი არხის ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს. 

"მე არ ვარ მომხრე ნათქვამის "ივანიშვილი ციხეში". ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ,"- თქვა ბოკერიამ. ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურას და სასამართლოს გაუჭირდებათ, მიუკერძოებლობის განცდა დატოვონ:

"პირველი - ერთხელ უნდა მოხდეს საქართველოში, რომ ხელისუფლების ცვლილებას არ მოჰყვა მეტნაკლებად მასობრივი დევნა წინა ხელისუფლების. ეს თუ არ მოხდა, იმისდა მიუხედავად, რა იყო იქამდე, ეს არანორმალურ პოლიტიკურ ციკლში ამყოფებს ქვეყანას. მეორე - ჩვენ არ გვაყვს არც პროკურატურა და რაც მთავარია, სასამართლო არ გვყავს ისეთი, რომელიც პოლიტიკური ფიგურების დევნისას მოგვცემდა განცდას, რომ არის მიუკერძოებელი" - ამბობს ბოკერია და აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემაში "რადიკალური ნაბიჯების" მომხრეა. კერძოდ, ის საუბრობს ქართული სასამართლო სისტემის "ღრმა ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნის" სასამართლოსთვის მიბმაზე.

"მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა არის ყველაზე რთული ამოცანა. მე ვარ ყველაზე რადიკალური ნაბიჯების მომხრე. ხელისუფლების შეცვლასთან ერთად მთელი სასამართლოს გაშვება არის სასამართლოს ტრადიციის კიდევ ერთი დანგრევა. ამიტომაც მომხრე ვარ, რომელიმე ღრმა ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნის უზენაეს სასამართლოსთან ჩვენი მიბმის" - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები