აშშ

რობერტ დე ნირო ტრამპზე: მოუთმენლად ველი მის ციხეში ხილვას

მსახიობმა რობერტ დე ნირომ აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკა განაახლა. დე ნირო დონალდ ტრამპს "განგსტერ პრეზიდენტს" უწოდებს და ამბობს, რომ მოუთმენლად ელის მის ციხეში ხილვას. 

ამის შესახებ მსახიობი The Guardian-ს ლონდონის კინო ფესტივალზე ესაუბრა, სადაც მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის The Irishman-ის პრემიერა გაიმართა, სადაც დე ნირო მაფიის მკვლელის, ფრენკ შირენის, როლს ასრულებს. 

"ჩვენ გვაქვს ნამდვილი, გადაუდებელი პრობლემა, გვყავს განგსტერი პრეზიდენტი, რომელიც თვლის, რომ შეუძლია, გააკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. პრობლემა ისაა, რომ თუ მას ეს ყველაფერი გაუვა, ჩვენ ყველას შეგვექმნება პრობლემა,"- ამბობს დე ნირო.

მსახიობი ასევე მედიასთან ტრამპის განგრძობად კამათსაც გამოეხმაურა. 

"ეს არის მრისხანება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წერენ იმაზე, რასაც ჩვენ ისედაც ვხედავთ, ეს არის აშკარა განგსტერიზმი. მათ ეს არ მოსწონთ, ამიტომ ამბობენ: "შეგ**ით, ჩვენ გასწავლით თქვენ". ისინი ვერ გავლენ ფონს იმით, რომ დაგვაბულინგონ ჩვენ, საღი აზრის მქონე ადამიანები, რომლებიც ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში და რა ხდება ქვეყანაში. ისინი ამას ვერ შეძლებენ. სირცხვილია, სირცხვილია, რომ [რესპუბლიკელები] ასე ცუდად იქცევიან,"- ამბობს დე ნირო.

Guardian-ის ჟურნალისტმა მსახიობს ჰკითხა, რას ფიქრობდა იმაზე, რომ საიმპიჩმენტო გამოძიება, შესაძლოა, ტრამპის პატიმრობით დასრულდეს. 

"ოჰ, მოუთმენლად ველი მის ციხეში ხილვას. არ მინდა, რომ მოკვდეს, მინდა, რომ ციხეში წავიდეს,"- თქვა დე ნირომ. 

დე ნირო ამ თემაზე საუბარს 11 ოქტომბერს The Graham Norton Show-ში მიუბრუნდა. 

"დღეს ჩვენ გვყავს უცნაური და უკუღმართი პრეზიდენტი, რომელიც თვლის, რომ განგსტერია, რომელიც კარგი განგსტერიც კი არ არის. განგსტერებს აქვთ ღირსება, ხელს ართმევ, მათ შენი სიტყვა აქვთ, შენ მათი და ეგაა, აი, ამ ტიპთან კი, ასე არაა,"- თქვა დე ნირომ. 

კომენტარები