ჯაფარიძე: ივანიშვილმა დიპლომატებს უთხრა, რომ ძალაუფლების ალტერნატიული ცენტრი იქმნებოდა

ტვ. პირველი

სამოქალაქო მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიზნესმენი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა 2018 წლის ზაფხულში, უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრაზე თქვა, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და გიორგი კვირიკაშვილის გარშემო "ძალაუფლების ალტერნატიული ცენტრი" იქმნებოდა.

ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ ინფორმაცია საქართველოში აკრედიტირებულმა უცხოელმა დიპლომატმა მიაწოდა, რომელმაც ივანიშვილის ეს ნათქვამი ინგლისურ თარგმანში მოისმინა. ჯაფარიძემ დიპლომატის ვინაობა არ დაასახელა. 

"მე სულ ვცდილობდი გამეგო რა იყო ამ იერიშის უკან. რატომ იყო ასეთი დაჟინებული მცდელობა ჩვენი დისკრედიტაციის, იერიშის მოტანის და ა.შ და შემდეგ დაემთხვა ამ დიპლომატის მიერ ჩემთვის გადმოცემულ ინფორმაციას. სწორედ კარგად ხსნის ეს ყველაფერს, ჩემი აზრით. გასაღებს იძლევა"- ამბობს ჯაფარიძე. 

ჯაფარიძემ ის 3 კომპონენტი ჩამოთვალა, რამაც, მისი აზრით, ივანიშვილი "შეთქმულების თეორიასა" და "ძალაუფლების ალტერნატიულ ცენტრის" არსებობაში დაარწმუნა. 

"ბანკი, საიდანაც მისი წარმოდგენით, შეიძლება ფული აიღო. მეორე, პოლიტიკური დატვირთვის პროექტი და მესამე- ტვ.პირველი. ამიტომაც დაიწყო ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლა"- ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

მისი თქმით, ეს "შეთქმულების თეორია, თითქოს კირიკაშვილთან ერთად რაღაცას ვაპირებდით" ზაზა სარალიძის აქციების შემდეგ გაჩნდა და სინამდვილისგან ძალიან შორსაა. 

ჯაფარიძე ამბობს, რომ ივანიშვილის გარემოცვაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხელფასს "მეთაურისთვის დაუჯერებელი ჭორების მიტანისთვის" იღებენ. 

...........

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა. 

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ამავე საქმეზე აქვს წაყენებული ბრალი ტელეკომპანია პირველის დამფუძნებლის მამას ავთანდილ წერეთელს. წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

კომენტარები