გომური თადუმაძეზე: დაზრალებულის სტატუსისთვის ექსპერტიზის დასკვნები არ ყოფილა საკმარისი

მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დარბევისას სპეცრაზმელის ნასროლი ტყვიით თვალი დაკარგა, გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ მაკო გომურსა და სხვა დაშავებულებს ამ დრომდე იმიტომ არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული პროკურატურის მხრიდან, რომ გამოძიებას არ დაუდგენია, ვინ ესროლა მათ ტყვიები. 

Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში მაკო გომური წერს, რომ არსებობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დასკვნა, სადაც წერია საიდან და რა მდგომარეობაში მოხვდა საავადმყოფოში, ასევე არსებობს ექსპერტიზის დასკვნაც, რომელმაც უნდა აღბეჭდოს ყველაფერი და ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს გამოძიებისთვის, მისთვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად. 

"მაგრამ, მაგრამ ეს ყველაფერი არ ყოფილა საკმარისი, როგორც ამბობს შალვა [თადუმაძე]. რეალურად არც არაფერი უთქვამს, გარდა ორისა - "ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს" ან "პოლიტიკური ხაზი მიგყავთ". ჩვენ გვჭირდება ვიპოვოთ 7 მილიარდი სპეცრაზმელიდან ის ერთი, რომელმაც არაფრის გამო მესროლა. ანუ ვეძებთ ნემსს თივისი ზვინში, თუმცა ისეთი მონდომებით რომ იძიებდნენ ჩვენს საქმეს, როგორც დაზარალებული პოლიციელების, არც ესაა შეუძლებელი," - წერს მაკო გომური. 

გომური წერს, რომ თავად იცის რა მოხდა რეალურად, ასევე იცის ასიათასობით ადამიანმა და მათზე უკეთ კი იცის საგამოძიებო ორგანომ. 

"შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ, გამოვედი მაგ ასაკიდან, იქნებ, თქვენც რამენაირად მოახერხოთ,"- დაწერა გომურმა. 

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ოთარ კახიძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის რანგში უსმენდნენ, გენერალურ პროკურორს ჰკითხა, რატომ არ არის ამ დრომდე დაზარალებულად ცნობილი 20 ივნისის საქმეზე დაშავებული ადამიანები, მათ შორის 18 წლის მაკო გომური. 

თადუმაძემ კახიძის კითხვის პასუხად თქვა, რომ დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად საჭიროა იდენტიფიცირებული იყოს ბრალდებული. 

"იმ შემთხვევებში, სადაც მოხდა იდენტიფიცირება, ის ადამიანები ბრალდებულად არიან ცნობილი. და ყველა იმ შემთხვევაში, სადაც ამ პირების მიერ განხორციელებული ქმედების დაზარალებული გამოიკვეთა, ყველა ეს პირი დაზარალებულად არის ცნობილი," - თქვა თადუმაძემ. 

თვალის დაკარგვიდან 3 თვის შემდეგაც კი პროკურატურას მაკო გომური დაზარალებულად არ უცვნია. როგორც საია-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულად პროკურატურამ 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე ცნო. ეს იმ ფონზე, რომ ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის დროს დაშავებულ 260-ზე მეტ ადამიანს შორის, 160-ზე მეტი სამოქალაქო პირია. 

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლებით დაარბია. დღემდე ამ საქმეზე მხოლოდ 3 სამართალდამცველისა და 19 სამოქალაქო პირისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი. 

კომენტარები