უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატი

თადუმაძე 1994 წელს დაარსებულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩაბარებაზე: ექსტერნად დავასრულე

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, საქართველოს მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, პარლამენტის იურიდიურ საკითხთა კომიტეტზე მის დიპლომთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს. 

უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ, თადუმაძეს ჰკითხა, თუ რატომ არის სასწავლებელში ჩაბარებასა და ინსტიტუტის დაარსებას შორის აცდენა, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უთხრა, რომ ინსტიტუტი ექსტერნად დაასრულა. 

თადუმაძის თქმით, სკოლა 1994 წელს დაამთავრა და ამავე წელს ჩააბარა თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში. მისი თქმით, 1997 წელს მიღებული კანონით, ნებისმიერ სტუდენტს შესაძლებლობა ჰქონდა ექსტერნატის ფორმით დაესრულებინა რომელიმე კურსი და მან "ბუნებრივია გამოიყენა ეს შესაძლებლობა".

"მივმართე ინსტიტუტს, რომ მსურდა ექსტერნატის ფორმით დამესრულებინა აღნიშნული სასწავლებელი და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ 1998 წელს სპეციალურად გავედი გამოცდაზე, ჩავაბარე და გაიცა დიპლომი"- თქვა თადუმაძემ. 

თადუმაძე ამბობს, რომ დიპლომის გაცემის დროს, აუცილებელი მოთხოვნა სასწავლო პერიოდის ხანგრძლივობის მითითება იყო. 

"1998 წელს მე დავამთავრე ხუთწლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით. შესაბამისად დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა ხუთწლიანი სასწავლო პერიოდის ხანგრძლივობის ვადა. რომ ჩაეწერა ოთხწლიანი სასწავლო ვადა, ერთის მხრივ, მე მექმნებოდა პრობლემა"- თქვა თადუმაძემ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, მოქმედ გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს დიპლომში მითითებული აქვს, რომ 1993 წელს ჩააბარა იმ სასწავლებელში, რომელიც 1994 წელს დაარსდა.

მისი ბიოგრაფიის თანახმად, სწორედ აქ, ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიიღო იურისტის კვალიფიკაცია.

ამასთან, თადუმაძეს ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ უმაღლესი სასწავლებელი 1999 წელს დაამთავრა, მაშინ, როცა დიპლომში დამთავრების თარიღად 1998 წელია მითითებული.

გარდა ამისა, თადუმაძემ სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მას 1993 წელს ჩაებარებინა უმაღლეს სასწავლებელში.

საერთაშორისო გამჭვირვალობაში აღნიშნავენ, რომ საჯარო უწყებები თვეების მანძილზე არ გასცემდნენ ინფორმაციას თადუმაძის უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით.

2011-2012 წლებში შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2018 წლიდან ის იკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას და ამჟამად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტმა 23 სექტემბერს დაიწყო. პარლამენტი სულ 20 კანდიდატს მოუსმენს.

კომენტარები