შალვა თადუმაძე

"დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არაა, არის მტკიცებულებით" - თადუმაძე 20 ივნისზე

იმედი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, მოქმედი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე ამბობს, რომ 20 ივნისის აქციის მონაწილეების ნაწილი პროკურატურამ დაზარალებულად იმიტომ არ ცნო, რომ ის პოლიციელები, რომლებმაც მათ ზიანი მიაყენეს, იდენტიფიცირებულები არ არიან.

თადუმაძე განმარტავს, რომ დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად საჭიროა იდენტიფიცირებული იყოს ბრალდებული. მოქმედი მთავარი პროკურორი ამბობს, რომ აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება უფრო მარტივია, რადგან მათ არ აქვთ სპეციალური აღჭურვილობა.

რაც შეეხება იმას, რომ პროკურატურამ დაზარალებულად აქციის მონაწილეზე მეტი სამართალდამცავი ცნო, შალვა თადუმაძე ამას იმით ხსნის, რომ მოქალაქეების ამოცნობა, რომლებსაც სამართალდამცავებზე ძალადობას ედავებიან, უფრო სწრაფად მოხდა.

"იმ შემთხვევებში, სადაც მოხდა იდენტიფიცირება, ის ადამიანები ბრალდებულად არიან ცნობილი. და ყველა იმ შემთხვევაში, სადაც ამ პირების მიერ განხორციელებული ქმედების დაზარალებული გამოიკვეთა, ყველა ეს პირი დაზარალებულად არის ცნობილი", - თქვა თადუმაძემ.  

ის აღნიშნავს, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო, დაზარალებულად ცნობილი აქციის მონაწილეების და პოლიციელების რაოდენობა მისთვის არაფრისმთქმელია.

"ის, რომ 67 პოლიციელია და ოთხი მოქალაქე, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არაფერს ამბობს, რადგან დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არაა, არის მტკიცებულებით. მტკიცებულება სტანდარტით არის, როდესაც ეს სტანდარტი იქნება, მაშინ იქნებ დაზარალებულებიც და ბრალდებულებიც", - თქვა შალვა თადუმაძე.  

გენერალური პროკურორის თქმით, ესმის "პოლიტიკური სურათი, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული", მაგრამ ეს დანაშაული არ არის პროკურატურის და იურიდიული მსჯელობის საგანი და "სახელმწიფო არ არის დანაშაულის ჩამდენი პროკურატურისთვის".

ცნობისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 7 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცავია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. კერძოდ, დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე ცნეს. მოქალაქეებს შორის არ აღმოჩნდა მაკო გომური. მან 20 გავრილოვის ღამეს აქციის ძალადობრივად დაშლისას თვალი დაკარგა. 

კომენტარები