20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური, რომელიც 50 დღე შიმშილობდა, გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

გათავისუფლებამდე ჯიქური 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ლევან ჯიქური ამბობს, რომ მისი შიმშილობის მიზანი იყო, სასამართლოსთვის დაემტკიცებინა, რომ დამნაშავე არ იყო. 

გათავისუფლებამდე ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მას აღარ შეეძლო ეტლის გარეშე გადაადგილება. ჯიქურის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობდნენ როგორც მისი ადვოკატები და ცოლი, ასევე ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია, რომელმაც ჯიქური საპატიმროში პირადად მოინახულა. დეპუტატის ცნობით, ჯიქურმა ციხეში ყოფნის დროს 30 კგ-მდე დაიკლო. 

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია ხელისუფლებამ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, მოგვიანებით კი წყლის ჭავლებით ძალადობრივად დაარბია. დარბევის შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათგან 160 სამოქალაქო პირი. 2-მა ადამიანმა რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა. 

20 ივნისის საქმეზე სულ პასუხისგებაში მიეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომელთაგან უკვე 2 საქალაქო სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

ხოლო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, კერძოდ, ჩამოართვეს პასპორტი და დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური, რითიც შეზღუდული აქვს გადაადგილება. 

კომენტარები