ანტიდასავლური მედიის დაფინანსება

მთავრობა კვლავ აფინანსებს მედიებს, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ

რუსული პროპაგანდა

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს იმ მედიების დაფინანსებას, რომლებიც სიძულვილის ენას იყენებენ, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ და კრემლის პროპაგანდას ტირაჟირებენ.

მედიის განვითარების ფონდის კვლევის მიხედვით, 2018 წელს 7 მედია გამოიკვეთა, რომლებსაც სახელმწიფო დაწესებულებები რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით კონტრაქტებს უფორმებენ. ეს მედიებია: საქართველოს რესპუბლიკა, Newspress.ge (nsp), თბილისი 24, ალია, მარშალპრესი, ობიექტივი, სამეფო არხი. მათგან ყველაზე მრავალრიცხოვანი და მაღალი ღირებულების კონტრაქტები გაზეთ საქართველოს რესპუბლიკასთან და ონლაინ გამოცემა Newspress.ge, nsp-სთან გაფორმდა.

გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა - ბიუჯეტიდან გადაუხადეს ჯამში 129.710 ლარი. დამკვეთები არიან:

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
  • მუნიციპალური განვითარების ფონდი;
  • სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია;
  • აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;
  • სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა";
  • ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
  • საქპატენტი
  • სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო
  • სხვა საქვეუწყებო ან ადგილობრივი ხელისუფლების სამსახურები

Newspress.ge, nsp - ჯამში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 36 173 ლარი. დამკვეთები არიან:

  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია;
  • ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;
  • თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა;
  • ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობა;
  • ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია და სხვა საქვეუწყებო ან ადგილობრივი ხელისუფლების სამსახურები.

თბილისი 24 და გაზეთი ალია:

მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, სარეკლამო სააგენტო "კლიპარტთან" გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შვიდ მედია საშუალებაში ინფორმაციის განთავსების ღირებულება 50 000- ს ლარს შეადგენდა. აღნიშნული თანხის ნაწილი ონლაინ გამოცემა თბილისი 24-ზე და გაზეთ "ალიაზეც" გადანაწილდა, თუმცა, სამინისტროდან ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაცია თითოეულ მედიაზე განაწილებული ზუსტი თანხის იდენტიფიცირების შესაძლებლობას არ იძლევა. თუმცა, ცნობილია, რომ დამკვეთებს შორის არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.

სააგენტო მარშალპრესი - ბიუჯეტიდან გადაუხადეს ჯამში 8 114 ლარი. დამკვეთები არიან:

  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;
  • სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი;
  • ქედის მუნიციპალიტეტი;

ობიექტივი - ბიუჯეტიდან მიიღო 3746 ლარი. დამკვეთი:

  • ცენტრალური საარჩევნო კომისია

"სამეფო არხი" (ყოფილი ხარისხის არხი) - ბიუჯეტიდან დაიხარჯა 3100 ლარი. დამკვეთი:

  • ცენტრალური საარჩევნო კომისია

აღსანიშნავია, რომ ეს მედიები ინფორმაციისა და რეკლამის განთავსების მიზნით საბიუჯეტო ხელშეკრულებებს გასულ წლებშიც იღებდნენ.


ფოტო: მედიის განვითარების ფონდი
"მას შემდეგ რაც, რასიზმისა და შეუწყ­ნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშში MDF-ის კვლევაზე დაყრდნობით, კომისიამ სახელმწიფოს რეკომენდაცია მისცა გადაეხედა იმ მედია საშუალებებთან არსებული კონტრაქტებისთვის, ვინც რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიულ სიძულვილის ენის გამოვლენა­ში იყო შემჩნეული, გარკვეულ მედიებთან, მათ შორის ტვ “ობიექტივი”, გაზეთი “ალია”, ასეთმა თანამშრომლობამ იკლო, თუმცა როგორც 2018 წლის მონაცემები აჩვენებს, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა სხვა მედიებს არ შეხებია და ECRI-ის შესაბამისი რეკომენდაცია შესრულებული არ არის", - აღნიშნულია MDF-ის კვლევაში.

მიუხედავად ამისა, კვლევის მიხედვით, გარკვეულ მედიებთან მსგავსი კონტრაქტები შუამავლების მეშვეობით, არაპირდაპირ, ირიბად ფორმდებოდა. ესენია: "საქართველო რესპუბლიკა", ვლადიმერ ბედუკაძის გამოცემა "თბილისი 24" და ჰომოფობიური, პრორუსული "ალია".

მედიის განვითარების ფონდი ფინანსურ მედია გარემოს - მედიის დაფინანსების წყაროებს, მათ შორის ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად გამოსცემს.

ანგარიში 2018 წელს მოიცავს და ეყრდნობა შემდეგი დოკუმენტების ანალიზს: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომი დოკუმენტაციის გარდა, დამატებით საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვნილ მონაცემებს და ღია წყაროებით გავრცელებულ სხვა ცნობებს. 

კომენტარები